ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბატონო მალხაზ, თუ თვლით, რომ ხართ მართალი და პროკურატურისთვის გინდათ სამაგიეროს გადახდა, როგორც შვილმკვდარ მამას, მაშინ უნდა იბრძოლოთ სამართლებრივი გზით და პირველი, რაც თქვენ, წესით უნდა გააკეთოთ, საჯაროდ მოსთხოვეთ პროკურატურას, გაასაჯაროონ ის დოკუმენტი, რომელიც თქვენს მიერ არის ხელმოწერილი, როგორც ისინი ამბობენ, რითაც დასტურდება, რომ მას - თქვენს შვილს - თემირლან მაჩალიკაშვილს, ჰქონდა და ეკუთვნოდა ის „ლიმონკა“, რომლის აფეთქებასაც თავად თემირლანი აპირებდა და სწორედ ამის გამო მოახდინა სპეცრაზმელმა გასროლა თქვენი შვილის მიმართულებით... ეს არის გამოძიების პოზიცია, რომლის გაპროტესტების უფლებაც თქვენ კანონით გაქვთ, მაგრამ თქვენ, ნაცვლად ამისა, იმუქრებით მუდამ, ყველასა და ყველაფრის მიმართ... ბოლო მუქარა კი, ყველა სხვა მუქარებისგან აშკარად განსხვავებულია. თქვენ აცხადებთ: „მივმართავ „ქართულ ოცნებას“, თქვენ სათითაოდ დედას გიტირებთ!“. ეს მუქარაა და ის აშკარად პოლიტიკურია... რჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის წინ მიმდებარედ, თქვენმა ლამის 2-წლიანმა პროტესტმა, თითქოს თქვენში პოლიტიკური ამბიცია გააღვიძა და მგონი, პოლიტიკაში მოსვლასაც კი გეგმავთ... თქვენი მუქარის სისრულეში მოსაყვანად, ის, რომ თქვენ „ქართულ ოცნებას“ სათითაოდ დედა უტიროთ, ამისათვის მინიმუმ, თქვენ კენჭი უნდა იყაროთ საპარლამენტო არჩევნებში... ბატონო მალხაზ, მიიღეთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში და იყარეთ კენჭი ახმეტის რაიონიდან მაჟორიტარად... როგორც ვიცი, პანკისის ხეობაში თქვენ დიდ პატივს გცემენ და მოსახლეობა ხმასაც მოგცემთ... ჰოდა, სწორედ საპარლამენტო არჩევნებში გამოჩნდება, თქვენ რა ავტორიტეტით სარგებლობთ პანკისის ხეობაში... თქვენი პოლიტიკური რეზიუმე კი, სამომავლოდ ასეთი იქნება, - პარლამენტის წინ, კარავში დაწყებული პროტესტი პარლამენტში გაგრძელდა... არც პოლიტიკური სლოგანი გექნებათ საძებარი. - კარვიდან პარლამენტამდე!...
...თუმცა არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თქვენი ეს განცხადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავისოდ გამოიყენოს, ისე, როგორც ეს ადრეც გაუკეთებიათ...
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ სხვისი უბედურებით პოლიტიკური ტკბობა, არც პირველია და არც უკანასკნელი. ასე მოხდება თქვენს შემთხვევაშიც, „ნაციონალები“ თქვენს პოლიტიკურ თუ ადამიანურ რესურსს, თუკი რამ კიდევ დაგრჩენიათ და გაგაჩნიათ, ბოლომდე შეისრუტავს და თქვენ დაგტოვებთ განეიტრალებულსა და ყველაფრისგან დაცლილს... ამას გააკეთებს დაუფიქრებლად, ისე, რომ თვალს არ დაახამხამებს...
ასევე, კარგად იცით, ბატონო მალხაზ, რომ რუსთაველის გამზირს, კიდევ და თავიდან, თქვენ არავინ აგარევინებთ... ბოლოს და ბოლოს, მანდაც ხომ ცხოვრობენ ღირსეული ადამიანები, ვისაც თქვენი ტრაგედიით ცხოვრება არ სურთ?!.. მათაც ხომ აქვთ მშვიდი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება და ამას თქვენ მათ ნამდვილად ვერ წაართმევთ!
ბატონო მალხაზ, იბრძოლეთ ღირსეულად და იყარეთ კენჭი ახმეტის მაჟორიტარად!“ - წერს ლიპარტელიანი.