„თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩხრეკა ჩატარდა უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, მისივე თანდასწრებით იქნა ამოღებული ხელყუმბარა, რომელიც დაილუქა და მისი ხელმოწერები დაფიქსირებულია ჩხრეკის ოქმზე“, - ამის შესახებ პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
„თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე თავდაპირველად დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა და აღმოჩენილ იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, არის სისხლი და დნმ-პროფილით შეესაბამება თემირლან მაჩალიკაშვილის დნმ-პროფილს. ამის შემდეგ დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა, რა დროსაც, როგორც დადგენილია თეორიულად და პრაქტიკულად, მისი საბრძოლო მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტებმა განახორციელეს აღნიშნული ხელყუმბარის აფეთქება, რათა დადგენილიყო, აღნიშნული ხელყუმბარა იყო თუ არა საბრძოლო. შესაბამისად, ეს ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საექსპერტო დაწესებულებიდან და აღნიშნული საექსპერტო დაწესებულების ინფორმაციით, საბრძოლო მდგომარეობის დადგენა ხდება ხელყუმბარის აფეთქებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის“, - განაცხადა ვანო ოქროპირიძემ.