logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საქართველოს მიმართ თუ არსებობს კითხვა, პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა მნიშვნელოვანია
- +

30 იანვარი. 2020. 13:23

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, თუ საქართველოს მიმართ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, ვინაიდან აშშ-სთან არსებული პარტნიორული ურთიერთობა როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე არის რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

 

ვოლსკი სენატორების დღევანდელ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წერილის შინაარსი საკმაოდ საქმიანი, პრინციპული და ძალიან კრიტიკულია.

 

„არის საკითხები, რომელზეც ჩვენ სიღრმისეული და ერთობლივი ანალიზი გვმართებს, ასევე არის საკითხები, რომელიც რაღაც ტერმინს მომაგონებს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება, ამას ჰქვია მეგობრული ცეცხლი, როცა მეგობარი უნებლიედ მეგობარს აზიანებს. თემა, რასაც ჰქვია, ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები, ეს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი არ არის, ეს არის რეგიონის ინტერესი, ჩვენი ორივეს ინტერესია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ საკითხების უპასუხოდ დატოვება. ეს პასუხები უნდა იყოს საქმიანი, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი და შექმნილი ვითარების რეალური ანალიზი უნდა ხდებოდეს. როგორც წერილის ადრესატს, ასევე პოლიტიკოსებს მართებთ არა მხოლოდ წერილობითი და დეკლარაციული პასუხების გაცემა, არამედ ფაქტებით კარგად აღჭურვილი დელეგაციების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან. არანაირი ურთიერთობები არ უნდა იყოს გადახედილი, ეს გამორიცხულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მოკავშირე, ისეთი როგორიც საქართველოა, არ არის მხოლოდ პათეტიკასთან ან სენტიმენტებთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის საგანგებო, სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. თუ ჩვენს მიმართ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან ეს პარტნიორული ურთიერთობა როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე არის რეგიონალური სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. აქ სასწორზე დევს პოლიტიკური თემა, რაშიც ცამდე მართლები ვართ და მეორე მხარეს დევს თემა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ინტერესებში აერთიანებს ყველაფერს, რასაც ჰქვია რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. 29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც, მათი აზრით, მიუთითებს, რომ საქართველო შორდება დემოკრატული ინსტიტუტების მშენებლობის ვალდებულებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner