„არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით, შესაბამისი პასუხები გაგვეცა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი სენატორის მიერ დღეს გავრცელებულ წერილთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ საკითხზე უაღრესად აქტიური იქნება.
„მოდით, ასე შევთანხმდეთ, მე გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს, აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი, ბევრი პოზიციის დაფიქსირება იქნება. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით, ამ მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა. არ დავიწყებ გარჩევას, სხვადასხვა წერილი იყო სხვადასხვა აქცენტით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც იცით, გუშინ საქართველოში ჩამობრძანდა აშშ-ის ახალი ელჩი, უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად, ობიექტურებიც ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ტეხთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე, მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.