logo_geo
eng_logo
ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდა
- +

31 იანვარი. 2020. 13:11

 

 

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს - ნუგზარ ბეჟანიძეს, გოჩა თადუმაძეს, გიორგი ბიბილაურს, ბექა ცინცაძეს, როლანდ ბერიძესა და იური მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

 

სასჯელის სიმძიმიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობდა.

 

ამასთან, ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულებიდან 4 პირი წარსულში ნასამართლევია. მათ შორის, გიორგი ბიბილაური მკვლელობის მცდელობისთვის. პროკურორის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“ მარტივად მოსაპოვებელი არ არის და გამოძიება ამ კუთხითაც მიმდინარეობს.

 

დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

აღნიშნულ საქმეზე სულ 7 პირია დაკავებული, მათგან ერთი უკრაინაში. 6 პირიდან 2-ს, გიორგი ბიბილაურსა და ბექა ცინცაძეს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, დანარჩენ 4 პირს - ნუგზარ ბეჟანიძეს, გოჩა თადუმაძეს, როლანდ ბერიძესა და იური მჟავანაძეს ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება-გასაღებას ედავება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner