„მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, არავითარი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ გვაქვს. საქართველოში არ დაფიქსირებულა არც ერთი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის შემთხვევა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს საზღვრებზე უტარდება შესაბამისი თერმო-სკრინინგი, ასევე მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. არის სერიოზული მზაობა, რომ თუ ქვეყანაში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მას შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოს იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც დღეს მიღებულია. ამისთვის ყველანაირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მედიკამენტური რეზერვი ქვეყანაში საკმარისია. მივმართავ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას იმიტომ, რომ ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს საზოგადოებრივ აზრს, უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციასა და ამ დაავადების პროფილაქტიკას. გთხოვთ, მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღოთ ინფორმაცია. ჩვენ არაფერს ვმალავთ, ჩვენი ცენტრი არის ძალიან გამჭირვალე, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი არსებობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული საქართველოს ორი მოქალაქის ანალიზები გაგზავნილია ნიდერლანდებში და პასუხები სავარაუდოდ, სამშაბათს დილისთვის იქნება ცნობილი.