სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„2020 წლის 1თებერვალს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ლოჯისტიკურ სარდლობას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ათეულის მეთაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა ათეულის რიგითს. კონფლიქტის მიზეზი ათეულის მეთაურის მიერ რიგითისათვის მიცემული შენიშვნა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რიგითის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გარეგნული დათვალიერებით არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება, პრევენციის მიზნით ის გადაყვანილ იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გაიარა დეტალური სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ექიმის დასკვნის საფუძველზე, ის მაშინვე გაწერილ იქნა აღნიშნული დაწესებულებიდან. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო ატარებს შესაბამის მოქმედებებს და გამოძიების შედეგების შესაბამისად გაატარებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.