„ისეთი მასშტაბის გმირობა არსად მინახავს, რაც დღეს ჩინეთშია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კარგია, რომ ჩინეთში ნამყოფი მოქალაქეები ინფექციურ საავადმყოფოს მიმართავენ, რათა დამშვიდდნენ, რომ მათ ნამდვილად არაფერი აქვთ. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის სამოქალაქო გმირობა, დღეს ჩინეთში მცხოვრები მოქალაქეები, ექიმები დღეების, კვირების მანძილზე საავადმყოფოებიდან არ გამოდიან. რატომღაც ჩვენი მედია ამას ყურადღებას არ უთმობს. ჩინეთში ყოველდღიური გმირობა ხდება. ასეთი მასშტაბის გმირობა არსად მინახავს, რაც დღეს ჩინეთშია. მინდა, ჩვენც სოლიდარობა გვქონდეს ამ ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან, რათა მსოფლიოში ეს დაავადება არ გავრცელდეს“, -განაცხადა იმნაძემ.
მან მოქალაქეებს ურჩია, თუ ორი კვირის მანძილზე ჩინეთში იმყოფებოდნენ და მაღალი ტემპერატურა, ხველება აღენიშნებათ, სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.