„სუვერენული სახელმწიფოს ნიშანი და თვისება არ არის, რომ ვიღაცას, სხვას, ნებისმიერს, თუნდაც მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დაეკითხოს, ამ წესით ჩავატაროთ თუ არა არჩევნები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითიც აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტს გამოეხმაურა.
„ოპოზიციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჰქონდა მცდელობა, რომ შესწორება შეეტანათ რეზოლუციაში და იქ ჩაწერილიყო პროპორციული არჩევნების მოწოდება, თუმცა, ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე ეს კვლავ შესწორდა და მიუთითეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა, რომ ეს არის ქვეყნის შიდა საქმე და ქვეყანამ შიგნით, სხვადასხვა მხარეებთან შეთანხმების საფუძველზე, უნდა გადაწყვიტონ, რა საარჩევნო მოდელით წარდგებიან არჩევნებზე. აბსოლუტურად სპეკულაციურია ის აზრი, რომ ვიღაცამ უნდა გვითხრას ჩვენ რამე, ეს დაუშვებელია. ეს სუვერენული სახელმწიფოს ნიშანი არ არის და თვისება რომ ვიღაცას, სხვას, ნებისმიერს, თუნდაც მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, დაეკითხოს, ამ წესით ჩავატაროთ თუ არა არჩევნები. ჩვენ ამ ვიზიტით უზრუნველვყოფთ, რომ ინფორმაციები იყოს რეალური. რეალურ ინფორმაციებზე დაყრდნობით კრიტიკა, სხვაგვარია“, - განაცხადა მდინარაძემ.