საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
მათივე განმარტებით, მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.
„პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.