სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციების ნაწილი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა. „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ეკატერინე ტიკარაძემ განსაკუთრებული აქცენტი სოციალური მუშაკების თემაზე გააკეთა.
მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში, სერვისების გაუმჯობესების და გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, 2019 წელს განხორციელდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და 2020 წლის 1 თებერვლიდან, მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებით გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიული პირს - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. შესაბამისად, არარსებული ფუნქციების გამო, თანამშრომლები, რომლებიც ამ მიმართულებით სოციალური მომსახურების სააგენტოს შტატში ირიცხებოდნენ, განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. გათავისუფლებულებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული კომპენსაცია.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უწყვეტად აგრძელებს შესაბამისი სერვისების მიწოდებას. ამასთან, სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს გამოაცხადოს ვაკანსია 50 ახალ სოციალურ მუშაკზე. ამჟამად სამინისტროში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა საბოლოო ჯამში, სოციალური მუშაკების საშტატო რაოდენობა 271-დან 350-მდე გაიზარდოს.
ამასთან, მინისტრმა მშობლის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ამ მიზნით, ახალი რეფორმა დღის ცენტრების, საოჯახო ტიპის სახლების და მსგავსი სააღმზრდელო - საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბავშვთა დაწესებულებებში დღეს არსებული გარემოს, სერვისების, პერსონალის კვალიფიკაციის საფუძვლიანი შესწავლა იწყება. გამოვლენილი იქნება ყველა დარღვევა თუ გადაცდომა ბავშვზე ზრუნვისა და მომსახურების პროცესში, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უფრო მოცულობითი და საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება ბავშვებისთვის განკუთვნილი სერვისები, დამკვიდრდება ამ სერვისების დროული და სამართლიანი განაწილების პრინციპი.
„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნისთვის. გრძელდება დიდი ზომის ბავშვთა სახლების გარდაქმნის პროცესი, რომლის ფარგლებში შეიქმნება ალტერნატიული ზრუნვის სერვისი მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატებში და ამავდროულად დაიწყება 6 ახალი სახლის მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია თბილისის შშმ ბავშვთა სახლის სრული გარდაქმნა და მცირე საოჯახო ტიპის 3 სახლის აშენება, რაც აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მოხდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.