2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
„საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსია 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 30 ლარით გაიზრდება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო პენსია, არ არის მხოლოდ ფულადი შემწეობა. დღეს ყოველ პენსიონერზე გარდა დადგენილი მონეტარული დახმარებისა, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს საყოველთაო ჯანდაცვის უმაღლესი პაკეტი, რომელიც გეგმურ შემთხვევებზე ითვალისწინებს 15 000-ლარიან წლიურ ლიმიტს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებზე ულიმიტო ოდენობის დაფინანსებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.