სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, ახმედ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, პანკისის ხეობაში დაკავებულ პირებს, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან და ასევე თემირლან მაჩალიკაშვილსაც, რომელიც ჩატაევის დაჯგუფების წევრებს ბინით, საკვებით, ტელეფონით და ქალაქში უსაფრთხო გადაადგილებით უზრუნველყოფდა.
როგორც ირაკლი ჩიმაკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს, ჩატაევის დაჯგუფების წევრებიდან თითოეულს, თავისი ფუნქციის შესრულება ევალებოდა.
„ჩვენ მიერ დაკავებულ პირებს და თემირლან მაჩალიკაშვილს ჩატაევის დაჯგუფებისათვის დახმარების გაწევის საქმეში თავ-თავიანთი ფუნქციები გააჩნდათ: ზოგი მათგანი უზრუნველყოფდა ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრების მიყვანას თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლამდე, ზოგი – მათ ჩამოყვანას აჭარის რეგიონიდან თბილისში და ზოგიც, ბინის ქირაობას, მობილური ტელეფონებითა და ინტერნეტით აღჭურვას, საკვებით მომარაგებას და ა.შ.
კონკრეტულად თემირლან მაჩალიკაშვილმა და დუისში მისმა ახლო მეზობელმა რამაზ მარგოშვილმა ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრისთვის – ბორზიევისა და სოლტახმედოვისთვის თბილისში ბინა დაიქირავეს და უზრუნველყოფდნენ მათ გადაადგილებას დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე უზრუნველყოფდნენ საკვებით, ინტერნეტით, ტელეფონებით და ა.შ.
თემირლან მაჩალიკაშვილი ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან ერთად სწორედ ამ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ბინის მეპატრონის განცხადებით, ქირაც არაერთხელ გადაიხადა. გარდა ამისა, ბინაში ინტერნეტის პაროლად დაყენებული იყო მაჩალიკაშვილის სახელი –„TEMIRLAN“,“ - განაცხადა ჩიმაკაძემ.
ირაკლი ჩიმაკაძემ აღნიშნა, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ბინიდან ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს, ჩატაევის დაჯგუფებასთან ადასტურებს.
„ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ამოვიღეთ და შევაგროვეთ არაერთი მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი ჩატაევთან და მის ტერორისტულ დაჯგუფებასთან. ეს მტკიცებულებებია: თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე არსებული საბანკო დოკუმენტაცია, ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონების საგარანტიო ფურცლები, მაჩალიკაშვილის სახელზევე გაფორმებული სიმ-ბარათები, ვიდეოკამერების ჩანაწერები, ჩატაევის მიერ განხორციელებული ზარი თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე და სხვა,“ - განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.