სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფება საქათველოში ფართომასშტაბიან ტერაქტს გეგმავდა, რამდენიმე დიდი ღონისძიება იმართებოდა.
როგორც ირაკლი ჩიმაკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველო გადაურჩა დიდ ტრაგედიას. მისი თქმით, ახმედ ჩატაევი საქართველოში შაჰიდის ქამრით ჩამოვიდა.
„იმ პერიოდში საქართველოში ტარდებოდა სამი მასშტაბური ღონისძიება: რაგბის ამხანაგური მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის, საბავშვო „ევროვიზია“ და აბრეშუმის გზის ფორუმი. 10-15 შეიარაღებული ტერორისტი რომელიმე ამ ღონისძიებაზე რომ შეჭრილიყო და მძევლები აეყვანა, აფეთქება მოეხდინა ან ხალხი ცეცხლსასროლი იარაღით დაეხოცა, როგორც ამას სხვა ქვეყნებში აკეთებენ, წარმოიდგინეთ, ჩვენს ქვეყანას რამხელა მასშტაბის უბედურება დაატყდებოდა თავს. საქართველო გახდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი უსუსტესი ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების კუთხით. თანაც, ახმედ ჩატაევი საქართველოში შაჰიდის ქამრით იყო შემოსული. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ჩატაევმა თავი სწორედ შაჰიდის ქამრით აიფეთქა“, - განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.