მეცნიერებმა აღმოაჩინეს უცნობი ვირუსი, რომლის გენომიც თითქმის მთლიანად ახალია თანამედროვე მეცნიერებაში; გენომში არსებული გენები სრულიად უცხოა და ამ დრომდე არსად არის აღწერილი ვირუსთა კვლევებში.
ე. წ. იარავირუსი, რომელსაც სახელი ბრაზილიის ადგილობრივი მითოლოგიის (ტუპის და გუარანის ხალხის) წყლის დედოფალ იარას, იგივე ლარას მიხედვით უწოდეს, ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტის ხელოვნურ ტბა პამპულიაში აღმოაჩინეს.
საქმე ის არის, რომ იარავირუსი (Yaravirus brasiliensis) შეიძლება ისეთივე იდუმალი იყოს, როგორც ადგილობრივ ინდიელთა ლეგენდარული წყლის ნიმფა, რომლის სახელსაც ის ატარებს.
როგორც მკვლევრები განმარტავენ, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვირუსი წარმოადგენს ამებასებრ ვირუსთა ახალ ხაზს ამოუცნობი წარმოშობითა და ფილოგენიით.
ჯგუფის ორმა გამოცდილმა წევრმა, საფრანგეთის ექს-მარსელის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა ბერნარ ლა სკოლამ და ბრაზილიის მინას-ჟერაისის ფედერალური უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა ჟონატას აბრაონმა კარგად იციან, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
ორი წლის წინ, ამ წყვილმა აღმოაჩინა წყლის ბინადარი კიდევ ერთი ახალი ვირუსი, სახელად ტუპანვირუსი - გიგანტური ვირუსი, რომელსაც ექსტრემალურ წყლოვან ჰაბიტატში მიაგნეს.
გიგანტურ ვირუსებს ეს სახელი მათი უზარმაზარი კაპსიდების გამო უწოდეს. კაპსიდი არის ვირუსის ცილოვანი გარსი.
ვირუსის ეს გაცილებით დიდი ფორმები ამ საუკუნეში აღმოაჩინეს; ისინი მხოლოდ ზომით როდი გამოირჩევა. ასევე აქვთ გაცილებით კომპლექსური გენომები, რაც მათ ცილების სინთეზის საშუალებას აძლევს და შესაბამისად, ახერხებენ დნმ-ის აღდგენას, რეპლიკაციას, ტრანსკრიფციას და ტრანსლაციას.
მათ აღმოჩენამდე მიიჩნეოდა, რომ ვირუსებს ასეთი რამეების გაკეთება არ შეეძლოთ, უყურებდნენ როგორც შედარებით ინერტულ, უსიცოცხლო ორგანიზმებს, რომლებსაც მხოლოდ მასპინძელი ორგანიზმის დაინფიცირება შეეძლოთ.
ახლა კი უკვე ვიცით, რომ ვირუსები იმაზე გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე ერთ დროს გვეგონა; ბოლო წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვა სახის ვირუსული ფორმები, რომლებიც ასევე ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს წარმოდგენას ვირუსების გავრცელებისა და ფუნქციონირების შესახებ.
ახლად აღმოჩენილი იარავირუსი გიგანტური ვირუსი არ ჩანს, რადგან მხოლოდ 80 ნანომეტრის ზომის ნაწილაკებისგან შედგება. თუმცა, ის უდავოდ გამორჩეულია უნიკალური გენომით.
„ამებას სახის ჩვენთვის ცნობილ ვირუსთა უმეტესობას მრავალი მახასიათებელი საერთო აქვს, რის გამოც, ისინი ერთ ევოლუციურ ჯგუფად არის კლასიფიცირებული“, - წერენ ავტორები.
მათივე განცხადებით, ამებას მსგავს სხვა იზოლირებულ ვირუსთაგან განსხვავებით, იარავირუსს არ აქვს გიგანტური ნაწილაკები და კომპლექსური გენომი, მაგრამ გამოირჩევა აქამდე უცნობ გენთა მნიშვნელოვანი რაოდენობით.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იარავირუსის გენების 90 პროცენტზე მეტი აქამდე არასოდეს არის აღწერილი და შესაბამისად, წარმოადგენს ე. წ. ობოლ გენებს (იგივე ORFans).
იარავირუსში აღმოჩენილი მხოლოდ ექვსი გენი, ისიც სუსტად ჰგავს სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში არსებულ ცნობილ ვირუსულ გენებს. ამ ბაზებში არსებულ 8500 მეტაგენომს შორის ძებნამ მეცნიერებს ვერაფერი უთხრა იმის შესახებ, რასთან შეიძლება იყოს ახლოს იარავირუსი.
მკვლევართა განმარტებით, სტანდარტული პროტოკოლების გამოყენებით, მათმა პირველმა გენეტიკურმა ანალიზებმა იარავირუსში ვერ იპოვა კაპსიდების რაიმე ცნობადი თანმიმდევრობა, ვერც სხვა კლასიკური ვირუსული გენები.
მათივე განცხადებით, ვირუსის დაფიქსირების ამჟამინდელი მეტაგენომური პროტოკოლების შემდეგაც კი, ცნობადი არ აღმოჩნდა ვირუსული აგენტის სახითაც კი.
ამ ეტაპზე, მეცნიერებს მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს იარავირუსი. თუმცა, არ არის გამორიცხული, ის ამებას სახის ვირუსთა უცნობი ჯგუფის პირველი იზოლირებული შემთხვევა იყოს, ანდაც განსხვავებული სახის გიგანტური ვირუსი, რომელიც როგორღაც ისე განვითარდა, რომ ფორმები დაუპატარავდა.
მკვლევართა თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ამ სფეროში შესასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს.