ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 121 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1380-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 55 748-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 3862 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა იაპონიაში.
კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.