„არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს, არსად არ ხდება ისე, რომ სასამართლო მიდის და პოლიტიკურ პარტიებს ეკითხება, შეიძლება თუ არა პროცესი ჩავატარო და ესა და ეს ადამიანი გავასამართლოთო - ეს არცერთ დემოკრატიაში არ ხდება“,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ თბილისის ყოფილი მერისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური სარჩული აქვს.
ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ გიგი უგულავას საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სასამართლო პროცესის დრო და თარიღი საჯარო ინფორმაცია იყო და ეს ყველამ იცოდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმაც.
„ეს საჯარო ინფორმაცია იყო. თვითონ ბატონი უგულავა და მისი ადვოკატები საჯაროდ ამბობდნენ, რომ პროცესი არის ჩანიშნული ამა და ამ დღეს და აკეთებდნენ წინასწარ ნეგატიურ მოლოდინებზე განცხადებებს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიაროთ ის წუხილები, რაც გამოთქვეს ჩვენმა პარტნიორებმა, თუმცა ისინი საუბრობდნენ მხოლოდ კონტექსტზე. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ამ პერიოდში, როდესაც ასეთი დაძაბული განხილვები მიმდინარეობს და არჩევნები მოდის, ეს არ იყო პოზიტიური, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.