„მერაბიშვილის ბაღები“ – ამ სახელით იცნობს გორის მუნიციპალიტეტში შინდისის თემის მოსახლეობა 200 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომელიც 2011 წლის დეკემბრის თვეში სახელმწიფომ ათობით ადგილობრივ ოჯახს ჩამოართვა და შპს „ქართულ ბოსტნეულს“ გადასცა. დაზარალებული მოსახლეობა ამ თემაზე საუბრისგან წლების შემდეგაც თავს იკავებს, თუმცა „რეგიონულმა კვირამ“ იძულებითი იჯარის დეტალები გაარკვია.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი – ზვიად საბანაძე, ჩვენთან საუბარში იხსენებს, ოთხი სოფლის 200 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთით შს მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო დაინტერესებული და საბანაძის თქმით, მესაკუთრეებზე „რეკეტი“ განახორციელა. ზვიად საბანაძე „რეგიონულ კვირასთან“ ჰყვება, რომ ადგილობრივები იძულებულები გახდნენ, მამა-პაპისეული მიწის ფართობები, რომლებიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, იჯარის წესით გაეცათ.
„მერაბიშვილის ბაღებს ეძახდნენ მაგას, რომელიც, რა თქმა უნდა, რეკეტის სახით წაართვა 200 ჰექტრამდე. მოყავდათ პომიდორი, კომბოსტო, სხვადასხვა პროდუქტი და ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავდათ დასაქმებული. დანარჩენი სად გაჰქონდათ, როგორ გაჰქონდათ, არ ვიცი. ამხელა მიწის ნაკვეთს რომ ჩამოაჭრი სოფლის მოსახლეობას, რეკეტის სახით, ზარალი იყო, აბა, რა იყო. მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება კი კრიმინალის დაბრუნებას ნიშნავს”,- ამბობს ზვიად საბანაძე .
მიწის მფლობელებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იძულებულები გახდნენ, საკუთარი მიწის ნაკვეთი მოყვანილი მოსავლიანად დაეთმო მეიჯარესთვის ისე, რომ მათ მოსავლის აღებაც ვერ შეძლეს. როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობენ, 1 ჰექტარზე მეიჯარემ წლიურად 500 ლარი გადაიხადა. მიწის ზოგიერთი მფლობელი 1 ჰექტრამდე ან უფრო ნაკლებ ფართობს ფლობდა, თუმცა წლიურად რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების პროდუქტი მოჰყავდათ. მათი მიწების „მერაბიშვილის ბაღებად“ გადაქცევის შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში შემოსავლი მხოლოდ 500 ლარით განისაზღვრა.
შპს „ქართულმა ბოსტნეულმა“ აღნიშნულ მიწებში სოლიდური თანხის ინვესტიცია ჩადო. ადგილობრივების განმარტებით, მეიჯარემ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოახერხა „დარეკეტებული მიწების“ დამუშავება და მოსავლის მოყვანა. 2011 წლის დეკემბრის თვეში დაწყებული პროექტი ხელისუფლების შეცვლასთან ერთად დასრულდა, რის შედეგადაც „საიჯარო ხელშეკრულებები“, რომელთა არსებობაც კითხვებს აჩენს, ბათილად იქნა ცნობილი და ახალი ხელისუფლების პირობებში კანონიერ მესაკუთრეებს დაუბრუნდა.
ადგილობრივები იხსენებენ, რომ შინდისის თემის მოსახლეობისგან იძულებით დათმობილ მიწის ნაკვეთებზე განხორციელებულ მსხვილბიუჯეტიან პროექტს არა მხოლოდ „ენმ“-ის ყოფილი თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილი, არამედ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ხშირად სტუმრობდა.
„ხორბალი მქონდა მოყვანილი, გადმოიხედეს, მოეწონათ ჩემი ბაღი და იძულებული გამხადეს, დამეთმო. აბა, იმ პერიოდში მერაბიშვილის წინააღმდეგ ვინ წავიდოდა“, – განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ერთ-ერთმა მესაკუთრემ.
„ნახევარი მიწისა მთავრობის იყო, ნახევარი ხალხისა, ქირა გადაუხადეს. ერთი წელი იმუშავეს, მეორე წელს კი გაჩერდნენ. მე როგორც ვიცი, 500 ლარი გადაუხადეს 1 ჰექტარზე. დაირგო პომიდორი, სიმინდი, მოეწყო სარწყავი წყლის სისტემა. ჩემი მორიგეობის დროს მერაბიშვილი არ მინახავს, თუმცა, იძახდნენ სხვები, რომ ჩამოდისო. მიხეილ სააკაშვილი კი იყო ჩამოსული, მოვიდა, დაათვალიერა. ხელისუფლება რომ შეიცვალა, მიწები აღარ დაამუშავეს და დაუბრუნეს ხალხს საკუთრებები. როცა წამართვეს ეს ნაკვეთი, იმდენი ვინერვიულე. მე ნაკვეთი იმიტომ ვიყიდე, რომ მომეარა. ჩემი შვილიშვილებისთვის შრომა მესწავლებინა. ჩემი წვლილი შემეტანა, ჩემი ოჯახისა და ქეყნის წინაშე. ახლა მე ჩივილები რომ დავიწყო, მერაბიშვილს ჩასვამენ ციხეში, მე რა შემემატება. მე მინდა, რომ მშვიდად ვიცხოვრო. ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა. აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. მინდა წყნარად, მშვიდად ვიცხოვრო. მაგას ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩემი ნებით მივეცი თუ წამართვეს. გახსენებაც არ მინდა“, - ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2011 წელს იძულებით დათმობილი სასოფლო-სამეურნეო მიწები, მათი მოთხოვნის შესაბამისად, კანონიერ მესაკუთრეებს უკვე დაუბრუნდათ.
შინდისის თემის რწმუნებულის ალექსი მთვარაძის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ 50 ჰექტრამდე მიწის ფართობია.
„ამ დროისთვის, ყველა ნაკვეთი დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს და განკარგავენ თვითონ. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს საჯარო რეესტრში. მხოლოდ 50 ჰექტრამდეა დარჩენილი სახელმწიფოს საკუთრებაში. ჩემი ინფორმაციით, მაშინ 1 ჰექტარზე 500 ლარს უხდიდნენ, ეს არის მიზერული თანხა. ამ პროექტის განხორციელებაზე, რომელსაც „მერაბიშვილის ბაღების“ სახელით იცნობენ, ცოტა თანხა რომ არ დაიხარჯებოდა, ცხადია. სამი თვითმავალი მასხური გაკეთდა. გარდა ამისა, მოსწორდა მიწის ფართობი და ეს სოლიდურ თანხებს უკავშირდება. ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, ეს პროექტიც დასრულდა. მოსახლეობამ მოითხოვა საკუთრების უკან დაბრუნება და დაუბრუნეს კიდეც“, – განაცხადა ალექსი მთვარაძემ.