საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა დამაკმაყოფილებელია.
შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ ამ ეტაპისთვის პაციენტი მოთავსებულია ცალკე სივრცეში, მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტს, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა, საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, მას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან არანაირი კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონია. ის გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სივრცეები,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ გააკეთა განცხადება. დაინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა. მან ირანში ერთი კვირა გაატარა.