საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მან ახალგაზრდებს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უმასპინძლა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა და ფუნქციები გააცნო. ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეკითხვებიც დაუსვეს და მისგან სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციაც მიიღეს.
საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი, რეფორმები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ახალგაზრდები და პოლიტიკა, ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები ახალგაზრდებისთვის - ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც მოსწავლეებს არჩილ თალაკვაძის მოსაზრებები აინტერესებდათ.
„თქვენ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როდესაც ლიდერთა სკოლაში ჩაერთეთ - ეს დაგეხმარებათ ცოდნა, უნარები და ერთმანეთის შესაძლებლობები დააკავშიროთ და მიაღწიოთ უფრო მეტს, გქონდეთ წარმატებული კარიერა და გახდეთ თქვენი საზოგადოების ლიდერები. გვეამაყება, რომ მე და ჩემი მეგობრებიც ლიდერთა სკოლის იგივე პროგრამის მონაწილეები ვიყავით, რომელშიც ახლა თქვენ ხართ ჩართული - ეს პროგრამა წარმატებულია” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.