დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის ღონისძიებას დაესწრო, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელება იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რეგიონალური ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და განსაკუთრებული სიტუაციების განყოფილების დირექტორთან, ნედრეტ ემიროღლუსთან.
„შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ქართული მხარის ძალისხმევას ქვეყანაში კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მისი შემდგომი გავრცელების პრევენციის მიმართულებით. მათ განსაკუთრებულად აღნიშნეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მისი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის წვლილი აღნიშნულ პროცესში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.