,,აშკარად შოკშია წამყვანი, იმედია ახლა მაინც ვეღარ დაამახინჯებთ იმას, რაც ფაქტია” -ასე გამოეხმაურა აჭარის მაუწყებლის თანამშრომელი სტელა ახვლედიანი ტვ-პირველის წამყვანის, თამარ ჩიხლაძის რეაქციას, როდესაც ინტერაქტივში დასმულ კითხვაზე მოულოდნელი შედეგი დადგა.
კითხვაზე, ებრძვის თუ არა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლება, მაყურებელთა 83 პროცენტზე მეტმა უპასუხა, რომ არ ებრძვის, და მხოლოდ 16-მა პროცენტმა მიიჩნია, რომ სახეზეა ხელისუფლების ზეწოლა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილე ნათია ზოიძე, ამჟამად სწორედ თამარ ჩიხლაძის გადაცემის პროდიუსერია და ერთ-ერთი იმათგანია, ვინც აჭარის მაუწყებელში მიმდინარე კონფლიქტს გარედან მართავს.
ცნობისთვის, აჭარის მაუწყებლის თანამშრომელთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ საინფორმაციო გამოშვების რამდენიმე ჟურნალისტმა, რომლებიც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის, მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძისა და ნათია ზოიძის გუნდის წევრები არიან, საინფორმაციოს მთელი ეთერი ხელში ჩაიგდეს და ნაცვლად აჭარისა და მთლიანად, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებისა, მხოლოდ საკუთარი პრობლემების გაშუქებით არიან დაკავებული და ამტკიცებენ, რომ მათ ხელისუფლება ებრძვის.
„ამ ადამიანებმა დღეს მორიგი პროვოკაცია მოაწყეს, რის გამოც საინფორმაციოს ახალი უფროსი შეუძლოდ გახდა და წინასაინფარქტო მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ კი ეთერში აღნიშნულ ფაქტზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს და მხარდამჭერ არასამთავრობოებთან ერთად მოწყობილ აქციას ლაღად უძღვებოდნენ ტვ-პირველის პირდაპირ ეთერში ჩართვებით“,-აცხადებენ აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები.