კორონავირუსი დროთა განმავლობაში უფრო „ფარული" დაავადება ხდება და გარეგანი სიმპტომების მიხედვით ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა უფრო რთულდება. ასეთი შედეგები აჩვენა ჩინელი ექიმების კვლევამ, რომლის მიხედვითაც ვირუსის კლინიკური სიმპტომები შეიცვალა.
სოციალური მეცნიერებების კვლევის ქსელი (SSRN) საკუთარ პორტალზე აქვეყნებს ექსპერიმენტის შედეგებს, რომელიც ადასტურებს კლინიკური სიმპტომების განსხვავებას. კერძოდ, უხანის უნივერსიტეტის საავადმყოფოში მეცნიერებმა 89 დაავადებული პაციენტი 2 ჯგუფად გაყვეს: პირველ ჯგუფში 31 პაციენტი მოხვდა, რომელთაც დაავადება 16-22 იანვარს დაუდასტურდათ, ხოლო მეორე ჯგუფში კი - 58 პაციენტი, მათ ვირუსი 23-29 იანვარს დაუდასტურდათ.
მეცნიერების განმარტებით, უხანში 89 პაციენტიდან მათ, ვისაც დაავადება მოგვიანებით აღმოაჩდათ, სიმპტომები ნაკლები ინტენსივობით გამოუვლინდათ.
პირველ ჯგუფში მყოფ პირებს სიმპტომებიდან მაღალი სიცხე (შემთვევების 60%-ზე მეტი), მოთენთილობა (41,9%), კუნთების ტკივილი (22,6%) აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, ამ ჯგუფის პაციენტების მესამედს ნახველის გამოყოფა ჰქონდათ. პირველ ჯგუფში მყოფ პაციენტებს (54,2%) ლიმფოციტების დონის ნაკლებობა აღმოაჩნდათ.
რაც შეეხება მეორე ჯგუფში გადანაწილებულ 58 პაციენტს, მათ აღნიშნული სიმპტომები ნაკლებად ჰქონდათ გამოხატული ან საერთოდ არ აღენიშნებოდათ. პირველ ჯგუფთან შედარებით ნახველის გამოყოფა მეორე ჯგუფის წევრების მხოლოდ 6,9% დაუდგინდა.
ამასთანავე ხველა, დიარეა, გულმკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება და გულისრევა ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს აწუხებდა.
მეცნიერების თქმით, დროთა განმავლობაში შესაძლოა, რომ კორონავირუსი იმდენად შეიცვალოს, რომ ჩვეულებრივ გრიპის ვირუსს დაემსგავსოს:
„ამ კვლევების თანახმად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლო პერიოდში დაინფიცირებულთა პირველადი სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული. გარდა ამისა, კორონავირუსის ახალი ტიპი შესაძლოა, რომ დროთა განმავლობაში გრიპის მსგავს ვირუსად იქცეს", - განაცხადეს მეცნიერებმა.
მკვლევარებმა საზოგადოება გააფრთხილეს, რომ ვირუსი შესაძლოა არ გამოვლინდეს ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში. გარდა ამისა, ვირუსი მუტაციას განიცდის და მისი განსხვავებული ფორმები სხვადასხვაგვარად ვლინდება.
კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 3500-ს აღწევს. ეპიდემიის გაგრძელება ზაფხულშიცაა მოსალოდნელი. საქართელოში კორონავირუსით დაავადებულთა კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა და, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა გაირზრდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აჟამად 101 492 ადამიანია დაავადებული კორონავირუსით, რომელთა დაახლოებით 80%-ს ჩინეთში მყოფი პაციენტები შეადგენენ. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რაოდენობას, მათმა რიცხვმა 55 ათასს გადააჭარბა.
თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა თქვა, რომ „იმედი იმის, რომ კორონავირუსი ზაფხულის დადგომასთან ერთად გაქრება, სინამდვილეს არ შეესაბამება".