logo_geo
eng_logo
ილია ნაკაშიძემ და სოფო კილაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებთან აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს
- +

13 მარტი. 2020. 19:20

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

 

 

 შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ილია ნაკაშიძემ განაცხადა, ტელევიზიაში არსებული პრობლემები წესდების მიხედვით უნდა გადაწყდეს.

 

 

„დღეს, დარწმუნებული ვარ ერთ რამეში - არის წესდება და ამ წესდების მიხედვით უნდა იმოქმედოს კოლექტივმა მშვიდად და მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს კოლექტივი, როდესაც მის წინაშე დგება პროფესიული პრობლემები. საქართველოს პარლამენტის სურვილია ავაშენოთ მაღალი სტანდარტის დემოკრატია, რომლის ნაწილიც არის მედია და ასევე, ჩვენი სურვილია, რომ მედიაც იყოს მაღალი სტანდარტის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 

 

 ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში უნდა იყოს სიმშვიდე და ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის უფლება.

 

 

 „ჩვენ ამ კვირაში შეხვედრა გვქონდა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილთან. იმისთვის, რომ გვქონოდა ობიექტური სურათი, დღეს შევხვდით მეორე მხარესაც, რომლის მიმართაც ჟურნალისტების ნაწილს გარკვეული პრეტენზიები აქვთ. მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ მოთხოვნილია აუდიტის დასკვნა და მნიშვნელოვანი იქნება ამ დასკვნის შედეგების გაცნობაც.  ჩვენთვის მთავარია აჭარის მაუწყებელში სიტუაცია იყოს მშვიდი და ყველა მხარეს ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის უფლება იმისთვის, რომ მათ განახორციელონ თავისი უფლებამოსილებები, რაც კანონი მხრიდან მათ აქვთ დაკისრებული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner