გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან ორს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ორივე პაციენტი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიითაა.
ინფიცირებულთაგან ერთი იუნკერია, იგი საქართველოში საფრანგეთიდან 16 მარტს დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ახალგაზრდა ქალს, 20 მარტს დაბრუნდა საფრანგეთიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ გორის ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.
თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, ამ ეტაპზე ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში ამჟამად 57 პირია მოთავსებული.