საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში კორონა ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებულ ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნულ მიმართულებაზე მთავრობის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, რა თქმა უნდა წამყვანი როლი აკისრია მთავრობას, რომელიც არის აღმასრულებელი ორგანო და მინდა ავღნიშნო, რომ მისი საქმიანობა თითოეული მიმართულებით არის ძალიან წარმატებული. თითოეული ზომა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება ატარებს არის ძალიან დროული და ეფექტიანი, ვისარგებლებ შემთხვევით ამისთვის მათ მადლობას გადავუხდი. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია. პარლამენტი სხვადასხვა ფორმატში არის წარმოდგენილი, იმისათვის რომ კოორდინირებული იყოს ყველა ეს ღონისძიება, რომელსაც მთლიანად ხელისუფლება ახორციელებს. ასეთივე კოორდინაცია გვქონდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე დეკრეტის მომზადებისას. ჩვენ გვქონდა ტექსტთან დაკავშირებით კოორდინაცია და ერთად შევიმუშავეთ ის ტექსტი, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიცა და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს დრო იყო ზუსტად შერჩეული იმისთვის, რომ გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა. არის გარკვეული ეტაპი, როდესაც საჭიროა უფრო მკაცრი ზომების მიღება, იმისთვის, რომ წარმატებით ვებრძოლოთ ვირუსს და მოვახერხოთ მისი შემდგომი გავრცელების პრევენცია.
რაც შეეხება შეზღუდვებს, რომლებიც დეკრეტშია ჩამოთვლილი, ჩვენ თითოეულ მათგანზე სათითაოდ გავიარეთ და მთავრობას კონკრეტულ შემთხვევებში ეძლევა დამატებითი შეზღუდვების დაწესების საშუალება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი, გლობალურ ტენდენციებზე და მეორე, იმ ტენდენციებზე, რომლებსაც ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.