ავტორი ნონა ქარქაშაძე
„ჩვენ გვაქვს ალტერნატივა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასა და ეკონომიკურ ზარალს შორის და აქ მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა. ამიტომ, შეზღუდვების გამკაცრება სახელმწიფოს მხრიდან, მართებულად მიმაჩნია“, - ამის შესახებ „სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის“ წარმომადგენელმა ლუკა კურდღელიამ „რეპორტიორთან“ განაცხადა.
მისი თქმით, გადამწყვეტი მომენტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, სწორედ კრიზისის დასრულების შემდეგ დაიწყება და ამ შემთხვევაში, აუცილებელია, ვიზრუნოთ გრძელვადიან გამოსავალზე.
- პანდემიის საფრთხის შესამცირებლად, საქართველოს ხელისუფლება უფრო და უფრო რადიკალურ ზომებს იღებს, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როგორ ფიქრობთ, როდემდე გაუძლებს მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანა არსებულ სიტუაციას?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, როდის დაძლევს მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა პანდემიას და განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას. რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩემი აზრით, ქვეყანამ უნდა გაუძლოს, თუმცა, წინასწარი პროგნოზების გაკეთება არ მინდა და არც არის მართებული, რადგან პროგნოზები ქმნიან მოლოდინებს და ამ მოლოდინებმა შესაძლოა, უფრო დააზიანოს პროცესი, ვიდრე დადებითად იმოქმედოს მასზე.
ის, რა პრობლემის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა, გლობალური გამოწვევაა და რამდენად იმოქმედებს ქართულ კომპანიებზე, ჯერ კიდევ რთული სათქმელია.
- თქვენი აზრით, რა ალტერნატიული საშუალებები და გამოსავალი არსებობს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა თუნდაც იმ ნიშნულს დაუბრუნდეს, რაც აქამდე გვქონდა?
- მოკლევადიანი გამოსავალი შეიძლება გამოიძებნოს როგორც შიდა, ასევე, იმ რაოდენობის საგარეო ვალის სახით, რაც ქვეყანას დიდად არ აზარალებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან გამოსავალზე, ამისათვის საჭიროა, რაც შეიძლება მალე დავძლიოთ ეს კრიზისი. ვთვლი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წვლილი ამ პრობლემის გადაწყვეტაში დიდი იქნება და იმედია, ქვეყნები, შეძლებისდაგვარად, ერთმანეთს დახმარების ხელს გაუწვდიან, რათა ერთად დაძლიონ არსებული პრობლემა.
კრიზისის დაძლევაში კი სახელმწიფოს თითოეული ჩვენგანი უნდა დავეხმაროთ. ყველამ უნდა გავითვალისწინოთ მთავრობის რეკომენდაციები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები, რათა რაც შეიძლება მალე გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში, რაც შეიძლება მალე განახლდეს ბიზნესსაქმიანობა საქართველოში. ჩემი აზრით, გადამწყვეტი მომენტი სწორედ კრიზისის შემდეგ დაიწყება, როდესაც თავიდან უნდა დადგეს ეკონომიკა და მთლიანად ქვეყანა ფეხზე. ამის შემდეგ იქნება უფრო მართებული ნაბიჯებსა და პროგნოზებზე საუბარი, ვიდრე ამ შემთხვევაში. ძალიან კარგი და იმედის მომცემია ის ფაქტი, ექსპორტი ისევ ხორციელდება, რომ ბიზნესის გარკვეული ნაწილი ისევ ოპერირებს, ეკონომიკა სრულად არ ჩერდება და გარკვეული ბიზნესკომპანიები საქართველოში მუშაობას კვლავაც აგრძელებენ. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისათვის, რომ კრიზისული პერიოდი შედარებით ნაკლები ეკონომიკური დანაკარგებით გადავლახოთ.
- როგორ შეაფასებდით ჩვენი ხელისუფლების მოქმედების სტრატეგიას ამ კონკრეტულ შემთხვევაში და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც უსამსახუროდ დარჩა?
- საქართველო მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ამ თვალსაზრისით, გადაწყვეტილებების მიღებაც რთულია, თუმცა, შეიმუშავებენ გეგმას ალბათ, რითაც უსახსროდ დარჩენილი ადამიანების თუნდაც მცირედით დახმარებას შეძლებენ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ალტერნატივა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასა და ეკონომიკურ ზარალს შორის და აქაც მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა. ამიტომ შეზღუდვების გამკაცრება სახელმწიფოს მხრიდან, მართებულად მიმაჩნია იმ მიზეზით, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგები, რად იტალიასა და ესპანეთში აქვთ, რაც თუნდაც ჩინეთში ჰქონდათ. ამ შემთხვევაში ყველას გვმართებს, ვიყოთ ერთად და ეს გასაჭირი ერთად დავძლიოთ. რამდენად სწორია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯები, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით შენიშვნა არა გვაქვს.