logo_geo
eng_logo
ლეგენდარული 13 მაისი
- +

13 მაისი. 2020. 11:31

 

 

დღეს 13 მაისია - ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატების თარიღი. 39 წელი გავიდა მას შემდეგ, თბილისის „დინამომ“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი რომ მოიპოვა.

 

1981 წლის ფინალამდე ჯერ „ვესტ ჰემი“ იყო, შემდეგ „ფეიენოორდი“. ლონდონში არნახულად ქომაგობდნენ გულშემატკივრები თავიანთ გუნდს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მეორე დღეს ინგლისურ გაზეთებში ეწერა, „ქართველებმა ბრიტანელებს ფეხბურთის თამაში გვასწავლესო“.

 

„დინამო“ უკვე მზად იყო, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც გაემარჯვა. გამოცდილებაც, შეთამაშებაც, ფეხბურთელების კლასიც, ყველაფერი ხელს უწყობდა ამას. სიძნელეების გადალახვაც ვისწავლეთ, როტერდამში განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის დროს მსაჯმა ყველაფერი გააკეთა, ფინალში მასპინძლები რომ გასულიყვნენ. საბედნიეროდ, იმდენად ძლიერები ვიყავით, რომ ვერაფერი მოგვიხერხეს, როტერდამის შეხვედრის შესახებ თბილისის „დინამოს“ ექიმ-მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი იხსენებდა:

 

„როტერდამში „დინამომ“ მშვენივრად ითამაშა, არანაკლებ, ვიდრე თბილისში. თამაშს სჯიდა ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა ვიორერის ხელმძღვანელობით. პირდაპირ გეტყვით: მე ასეთი უნამუსო მსაჯობა არსად მინახავს! სამი ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალეს, ორი პენალტი არ მოგვცეს. თითქმის მთელი თამაში სარბენ ბილიკებზე გავატარე, გვერდით მსაჯს დავდევდი და გერმანულად ვლანძღავდი. ხმას არ იღებდა, ან კი რა უნდა ეთქვა - ნამუსი ჰქონდათ გაყიდული“.

 

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და თბილისის „დინამო“ თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა. გადამწყვეტი შეხვედრა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში იყო დანიშნული.

 

ქართველი ფეხბურთელების მეტოქე გდრ-ის „კარლ ცაისი“ აღმოჩნდა. ამ გუნდმა გათამაშებას ესპანური „ვალენსია“ და პორტუგალიის „ბენფიკა“ გამოთიშა.

 

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელად ბატონი შოთა გორგოძე დაინიშნა.

 

„ფინალური შეხვედრის წინ აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე სოციალისტური, მაგრამ მაინც გერმანული კლუბი იყო, მასპინძელთა სიმპათიები თბილისის „დინამოსკენ“ იხრებოდა. დიუსელდორფის „ფორტუნა“ იმ გათამაშებაში მონაწილეობდა, მაგრამ ადრეულ სტადიაზე გამოვარდა. სამაგიეროდ ფინალში გავიდა მათი იდეოლოგიური მტრის წარმომადგენელი. ეს იყო ის უმთავრესი ფაქტორი, სტადიონი სანახევროდაც რომ არ შეივსო. ამის გამო მატჩამდე გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა გაგვაჩნდა.

 

შეხვედრამდე დიუსელდორფის ბურგომისტრთან საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც გფრ-ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, უეფა-ს იმდროინდელი თავკაცი არტემიო ფრანკი და ადგილობრივი ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ქართულ დელეგაციას მე, კახი ასათიანი და მოსკოვიდან „მომაგრებული“ უშიშროების თანამშრომელი წარმოვადგენდით. არტემიო ფრანკის ქართული ხმალი ვაჩუქეთ, რითაც ძალიან გაიხარა“, - იხსენებდა შოთა გორგოძე.

 

სანამ ქართული დელეგაცია ოფიციალურ მიღებაზე იმყოფებოდა, თბილისის „დინამო“ უშუალოდ თამაშისათვის ემზადებოდა. შეხვედრის წინა დღეს გუნდის კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძეს მაღალი სიცხე მისცა. წამლების მიცემა არ შეიძლებოდა, რადგან მატჩის შემდეგ დოპინგ-კონტროლი იყო დანიშნული. გუნდის საექიმო პერსონალმა ჩივაძე ჟოლოს ჩაით „გაბერა“. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საშამ მინდორზე გასვლა შეძლო.

 

სტადიონზე გუნდი ავტობუსით გაემგზავრა. ახალკაცმა ბიჭებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო – ანსამბლ „რუსთავისა“ და ჰამლეტ გონაშვილის სიმღერების ჩანაწერი ჩაურთო.

 

ყველაზე გასაოცარი კი მაინც უშუალოდ მოედანზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, გუნდის გასახდელში მოხდა. ახალკაცმა მოთამაშეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილი დეპეშა წაუკითხა. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ბიჭებმა ფიცი დადეს – ან გამარჯვება, ან სიკვდილიო და მინდორზე საომრად გავიდნენ.

 

იმ ისტორიულ შეხვედრას თბილისიდან წამოსული რამდენიმე ათეული გულშემატკივარი და არაერთი ემიგრანტი ჩვენი თანამემამულე ესწრებოდა. მცირერიცხოვნების მიუხედავად მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდნენ „დინამოს“ და ამაშიც დაჩაგრეს გერმანელი გულშემატკივრები. დოლ-გარმონი მოეტანათ და საცეკვაო ჰანგებს უკრავდნენ. პირველი გოლი რომ გაგვიტანეს, მაშინაც არ გაჩუმებულან, უფრო შემართებით დასცხეს.

 

ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. ოთხ წუთში ვლადიმერ გუცაევმა საპასუხო შეაგდო. მაშინ იყო, რომ ახალკაცი ერთადერთხელ თავის სიცოცხლეში, სკამიდან წამოდგა და მინდვრის კიდიდან ბიჭებს გასძახა - ახლა დაწყნარდით, თამაში დაალაგეთ და როცა განიშნებთ, ტემპსაც მოუმატეთო. 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გადამწყვეტი და ულამაზესი გოლი გაიტანა. თასების მფლობელთა თასს თბილისის „დინამო“ დაეუფლა.

 

ფინალური შეხვედრის ბურთი ბატონი ანზორ გაბიტაშვილის კუთვნილება გახდა.

 

„ბოლო სამი წუთი სარბენ ბილიკებზე ვიდექი და სადაც ბურთი გადავარდებოდა, იქით გავრბოდი გამწარებული. ნათქვამი მქონდა, ფინალის ბურთი საქართველოში მე უნდა ჩამოვიტანო-მეთქი. გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა, ყველა ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, მე კი არაფერი მახსოვს იმ ბურთის გარდა. ხიზანიშვილი და თავაძე ეჯაჯგურებოდნენ რიკარდო ლატანცის, ის კი არაფრით თმობდა ბურთს. დრო ვიხელთე, ბურთი გამოვგლიჯე და გასახდელისკენ გავიქეცი. ამ დროს ორი კაცი გამოექანა ჩემკენ, თურმე ფოტოკორესპონდენტები ყოფილან. მე კი მეგონა, ბურთის წასართმევად მომდევენ-მეთქი და სპრინტერული სიჩქარით შევვარდი გვირაბში“.

 

მატჩის დასრულების შემდეგ დიდი ბანკეტი გაიმართა. მასზე „კარლ ცაისიც“ იყო დაპატიჟებული, მაგრამ გერმანელებს ნამდვილად არ ექეიფებოდათ. ქართველებმა ჩინებულად მოილხინეს. სუფრა იმ სასტუმროს რესტორანში იყო გაშლილი, სადაც „დინამო“ იყო დაბინავებული. ახალკაცმა ფეხბურთელებს ნება მისცა - დალიეთ, ვისაც რამდენი გინდათო. იმ თასში შვიდი ბოთლი შამპანიური ჩადიოდა. ძიმისტარაშვილი იყო იქ მოსული, დიუსელდორფში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი. იმან დაიწყო და ჩამოატარა თასი. უკლებლივ ყველამ შესვა გამარჯვების სადღეგრძელო. მოგვიანებით ზეიმი სასტუმროს ბარში გაგრძელდა. ის ისტორიული დოლ-გარმონიც მოიტანეს და ქეიფმა დილამდე გასტანა.

 

ორ დღეში ფეხბურთელები თბილისში დაბრუნდნენ, ქალაქში სადაც 13 მაისის ღამეს ეროვნული ზეიმი გაიმართა. არა მარტო საქართველოს დედაქალაქში, გაზაფხულის იმ ლამაზ ღამეს მთელი ქართველობა დილამდე გარეთ ზეიმობდა. მოთამაშეებს თბილისის აეროპორტში საოცარი დახვედრა მოუწყვეს. ფეხბურთელები ტრაპიდან სათითაოდ ჩამოყავდათ და გასასვლელამდე ასე ატარებდნენ.

 

მაინც უცნაური დრო იყო. ამ წარმატებისათვის თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები მშობლიურმა მთავრობამ და პარტიამ 700-700 დოლარით დააჯილდოვა. ფულში არ იყო საქმე, რა ფული გადაწონიდა იმ სიხარულს, რაც მაშინ საქართველომ განიცადა.

 

გიორგი გაჩეჩილაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner