„მე პირადად, მიმაჩნია ძალიან მყარად, რომ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ზოგადად, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასეთია ბუნებრივია პროპორციული სისტემაც. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისთვის არის უმჯობესი არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულად პროპორციული არც ერთი სისტემა არ არის, მაგრამ არსებითად პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პლურალიზმის ხარისხი იყოს მაღალი და პარტიების დაბალანსებული წარმომადგენლობა ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო ორგანოში იყოს უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის პროცესში იქნა მიღებული, თუმცა, შიდა წინააღმდეგობის გამო და იმის გამო, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მაშინ მხარი არ დაუჭირა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, სისტემა ვერ ამოქმედდა. ირაკლი კობახიძემ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება.
„აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ განვიხილავდით საკონსტიტუციო რეფორმას, მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, მაშინაც იყო სურვილი იმისა, რომ იმთავითვე ამოქმედებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა, მაშინ სამწუხაროდ, შიდა წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა 2020 წლისთვის ამ სისტემის ამოქმედება და შეგახსენებთ იმასაც, რომ მაშინ ოპოზიციამ გაუშვა ხელიდან შანსი, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჯამში ფლობდნენ საკმარის ხმებს იმისათვის, რომ დაებალანსებინათ ის დანაკლისი, რომელიც ჰქონდა უმრავლესობას.
მათ რომ დაეჭირათ მაშინ მხარი პროპორციული სისტემისთვის 2020 წელს, ეს სისტემა ამოქმედდებოდა, თუმცა მათ თქვეს უარი. საუბარია იმ ორ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც კარგად იცით და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის. ჩვენ გადაწყვეტილება მაინც არ შეგვიცვლია, თუმცა, მოგვიწია 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა სუბიექტური ინტერესი, რომ დარჩენილიყო შერეული სისტემა, იმიტომ, რომ სუბოექტურადაც, ეს მას მათემატიკურადაც აძლევს ბუნებრივია უპირატესობას პაპრლამენტში მანდატების განაწილების დროს.
ოპოზიციურ პარტიებს ასევე სუბიექტურად აქვთ ყოველთვის ინტერესი, რომ სისტემა იყოს პროპორციული, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მათი მანდატების რაოდენდობა იზრდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა ამოვიდეთ სუბიექტური ინტერესებიდან, უნდა ამოვიდეთ ქვეყნის სუბიექტური ინტერესებიდან“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.