logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიზნად ვისახავთ, რომ განხორციელდეს პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია
- +

5 ივნისი. 2020. 20:56

 

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი განიხილა

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების ორი კანონპროექტი განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

 

პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ კომიტეტში პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა  კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

მან კანონპროექტის ძირითადი   დებულებები წარმოადგინა  და ყურადღება გაამახვილა პროექტის მიღების მიზანსა და მიზეზზე.

 

მისი თქმით, ცვლილების  ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის ამოქმედდება უკვე კონსტიტუციის ძირითადი დებულებები და საჭიროა მასთან რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა.

 

ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ განხორციელდეს პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია გარკვეულ ფარგლებში. გარდა ამისა, არის მთელი რიგი დებულებები, რომლებიც დაიხვეწება გამომდინარე იმ პრაქტიკიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც თავის პრეზენტაციაში ისაუბრა პროექტის ყველა ძირითად ასპექტზე.

 

მისი თქმით, „პირველი არის ფრაქციების საკითხი. როდესაც ამოქმედდება კონსტიტუციის დებულება რომელიც ეხება ფრაქციას, აქ სიახლეა, რომ ნაცვლად 6-ისა ფრაქციაში გაერთიანებული უნდა იყოს მინიმუმ 7 წევრი. გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციით ამოქმედდება პრინციპი, რომლის მიხედვით ფრაქცია უნდა იყოს პარტიის საპარლამენტო ეკვივალენტი. იცვლება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის განსაზღვრის წესი და მათი რაოდენობა, კერძოდ, ახალი რეგლამენტით ფრაქციას 15 წევრზე შეიძლება ჰყავდეს თავმჯდომარის ერთი მოადგილე“.

 

ცვლილებები ეხება უმრავლესობას და ოპოზიციას. მომხსენებლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მსხვილდება პარტიების სტრუქტურა საქართველოს პარლამენტში, აზრს კარგავს უმრავლესობისა და უმცირესობის, როგორც საპარლამენტო სუბიექტების არსებობა.

 

ახალი რეგლამენტით მთავარი პოლიტიკური სუბიექტები იქნებიან ფრაქციები, მაგრამ იმისთვის, რომ, მაგალითად დროებით კომისიებში  სათანადოდ გადანაწილდეს კვოტები, მათ შორის ვიცესპიკერებისაც, განისაზღვრება სწორედ ამ პრინციპით.  აქედან გამომდინარე შემოღებულია რეგულაციები, რომლის მიხედვითაც პირველ სხდომაზე ან ბიუროს სხდომაზე რეგისტრირდება უმრავლესობისა და ოპოზიციის სიები.

 

სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საჭირო იყო დებატების დროების ახლებურად  განსაზღვრა და ინიციატორებმა იხელმძღვანელეს პრინციპით ,,რომ უმრავლესობას და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თანაბარი დრო.  ამ პრინციპის შესაბამისად თითოეულ პარლამენტის წევრზე თითოეულ ფრაქციას გამოყოფილი აქვს თითო წუთი. მხოლოდ გარკვეული ლიმიტები დაწესდება ზედა და ქვედა ზღვარზე.  რაც შეეხება უფრაქციო პარლამენტის წევრებს, მათთვის განკუთვნილი იქნება 3 წუთი.  

 

ცვლილებები შეეხება ვიცესპიკერებსაც - პარლამენტის თავმჯდომარეს ეყოლება პირველი მოადგილე და თითო მოადგილე უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.

 

ასევე შემოღებულია ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ერთი დეპუტატი შეიძლება იკავებდეს მხოლოდ ერთ საპარლამენტო თანამდებობას და აქ მხოლოდ ერთი გამონაკლისია დაშვებული დროებით კომისიებთან მიმართებით, რომელიმე თანამდებობის პირს შეიძლება პარალელურად ეკავოს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მდივნის თანამდებობა.

 

ირაკლი კობახიძემ პირველი მოსმენის ფორმატში წარმოადგინა კანონპროექტის  ძირითადი ცვლილებები.

 

მისი თქმით, ზოგად დებულებებზე, ტექნიკურ ცვლილებებსა და დეტალებზე მეორე მოსმენის დროს იმსჯელებენ.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ამ ცვლილებების მთავარი მიზანი არის ის, რომ X  მოწვევის პარლამენტს უკვე ჰქონდეს ის რეგლამენტი, რომელიც თავსებადი იქნება კონსტიტუციასთან.

 

ასევე, ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ დაგეგმილი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ფართომასშტაბიანი განხილვების ფორმატი დონორ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაგრამ პანდემიით გამოწვეულმა სიტუაციამ შეცვალა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს დღის წესრიგი, აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო რეგლამენტში შესულიყო ცვლილებები, რომელიც არანაირად არ ისახავს მიზნად რაიმენაირად შემცირდეს ოპოზიციის როლი საპარლამენტო ცხოვრებაში, დებატების თუ თანამდებობრივი მიმართულებით. მიზანია, რომ ოპტიმიზაცია მოხდეს საპარლამენტო საქმიანობის X მოწვევის პარლამენტისთვის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ირაკლი კობახიძემ ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც დაისვა დეპუტატების,  ექსპერტების და სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ. 

 

სხდომაზე განიხილეს ასევე წარმოდგენილი რეგლამენტის თანმდევი კანონპროექტები, რომლებშიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება.

 

ეს კანონპროექტებია: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

კომიტეტმა დღეს განიხილა პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობისაში მოყვანას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ  კანონპროექტთან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“.

 

რატი იონათამიშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ვალდებულება საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.

 

იმავე კანონპროექტში მითითებულია საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული ანგარიშის განხილვის თაობაზე.

 

ამდენად, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რათა გაჩნდეს დასახელებული ანგარიშის განხილვის სამართლებრივი საფუძველი და გაიწეროს შესაბამისი პროცედურები.

 

სხდომის დასასრულს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის ორივე კანონპროექტს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner