ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი მისი კოლეგის, თენგიზ სულხანიშვილის შესახებ წერს:
„მშვიდობით, თენგონავტო!
პიროვნულ თავისუფლებასთან ერთად თენგიზ სულხანიშვილს ხასიათში ის პროფესიონალური თავისუფლებაც ჰქონდა, რომელიც ოქსფორდებსა თუ ჰარვარდებშიც კი არ ისწავლება და რომლის წყალობითაც ის დასავლური ყაიდის ტელევარსკვლავად იქცა არათავისუფალ საბჭოთა კავშირში. აუშვებდა აფრებს და, მიდი! არც ზღვა ჰყოფნიდა და აღარც ოკეანე! თანაც ის პირველი გახლდათ! „ვზგლიადები“ და სხვა ყველაფერი მერე იყო.
ტიმ სევერინის „არგოთი“ მოგზაურობის შემდეგ, 1984 წელს, ჩვენ ერთად მოვამზადეთ სატელევიზიო ვიდეოფილმების სერიალი, რაც პირველი იყო ქართულ და იქნებ მთლიანად საბჭოთა ტელესივრცეში. ახალ ხილად გვიჩნდა ვიდეოკამერა, რომელსაც მაშინ მოფერებით ტეჟეკას – ტელეჟურნალისტურ კამერას ვეძახდით. არასოდეს არც ერთ თანაავტორთან ისეთი კომფორტი არ მიგრძვნია, როგორც თენგოსთან იმ პროექტზე მუშაობისას. არგონავტო-არგონავტოო, ასე მეძახდა. მეც, ჩემი მხრივ, თენგონავტო-თენგონავტოთი მივმართავდი. ისე თამაშ-თამაშ, ისე სიცილ-სიცილ გავაკეთეთ შვიდი სერია, ვერც ვიგრძენით. ტელემაყურებელმა კი იგრძნო ის სილაღე და ის თავისუფლება, რომელსაც იგი ასე იყო მოწყურებული. მერეც რამდენჯერმე დაატრიალეს ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი საქართველოს ტელევიზიაში. სამწუხაროდ, დღემდე ვეძებ იმ სერიალს, მაგრამ ვერსად მივაგენი. კი ამბობს არაო, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ტელერადიოკომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის ნუგზარ ფოფხაძის მდიდარ არქივში უნდა იყოს.
მაშინ მე უკვე უკანმოუხედავად ვიყავი გამეზღვაურებული და სწორედ იმ სერიალის შემდეგ დავუბრუნდი ჟურნალისტიკას: ნუგზარ ფოფხაძემ ფაქტობრივად სინგაპურის რეისიდან ჩამომხსნა და შორეული ნაოსნობის მატროსს საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქცია ჩამაბარა. ეი, არგონავტ, ფოფხაძეს არ უთხრა და, იაზონის თუ არა, ტიმ სევერინის დანიშნული ხარ მაგ თანამდებობაზეო, მეხუმრებოდა ხოლმე თენგო. ფოფხაძეს, რა თქმა უნდა, არც იმას ვეტყვი, რომ იაზონთან და ტიმ სევერინთან ერთად, თენგიზ სულხანიშვილსაც მიუძღვის გარკვეული წვლილი ამ საქმეში: რაც მას იმ ჩვენი ერთად მუშაობის მერე ფოფხაძესთან ვუქივარ, რატომ უფრო მაღალ თანამდებობაზე არ დამნიშნეს, ის მიკვირს!
თენგო სულხანიშვილის სახით სამაგალითო კოლეგა და კეთილი მეგობარი დავკარგე. ერთ-ერთი პირველი ვინც ფეისბუქზე ჩემი გააქტიურების შემდეგ მოვძებნე და დავიმეგობრე, სწორედ თენგო სულხანიშვილი იყო. თან გამიკვირდა და თან გამიხარდა, რომ ჯერ კიდევ წინა ათასწლეულში ამერიკაში გადაცხოვრებულს, სახელისა და გვარის ქვემოთ ისევ „პირველი არხი“ ეწერა პროფაილში.
ღმერთმა განუსვენოს მის მოუსვენარ სულს! მშვიდობით, თენგონავტო! RIP“
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=125149