დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქართულმა მხარემ სომხეთს კორონავირუსთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა და თუ სომხეთს დახმარება სჭირდება, საქართველო ამისთვის მზად არის.
„მოგეხსენებათ, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და შესთავაზა, ხომ არ სჭირდებათ საქართველოს მხარდაჭერა. ზოგადად, მხარდაჭერაზე იყო საუბარი, განიხილეს ეს საკითხი და მგონი, მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია არის. ალბათ, უკეთესად საგარეო საქმეთა სამინისტრო უპასუხებს. სომხეთის მხარე განიხილავს საკითხს და შესაბამისად, თუ ამის საჭიროება არის, საქართველოს მიმართავს. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშიც გვქონდა შეთავაზება და კომუნიკაცია სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ველოდებით, თუ შემოთავაზება იქნება, რომ რაღაც მიმართულებით დახმარება სურს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს რამდენიმე მიმართულებით შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა. ჩვენ მზად ვართ, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, როგორც ქვეყნებს, ისე ჩვენ ინსტიტუციებს და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.