საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ დღეს, 8 ივნისს გამართა მორიგი ფეისბუქ-ლაივი თემაზე: „აწარმოე საქართველოში პროგრამები შენთვის“.
პარლამენტის წევრმა, ამჯერად საზოგადოების კითხვებს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსთან, ლაშა ბოსტაშვილთან ერთად უპასუხა.
„ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ჩემი ლაივის მეშვეობით უშუალო კომუნიკაცია მქონდეს მოქალაქეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვისაუბრო მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე. ამჯერადაც ჩემი ფეისბუქ-ლაივი იყო საკმაოდ ინტერაქტიული, დაისვა უამრავი კითვხა, რომელსაც ადგილზევე გავეცით ამომწურავი და დეტალური პასუხი,“ - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.