logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მოკლედ, ხეების გადარგვაზე ასეთი ისტორიაა, რაც დაგპირდით...
- +

8 ივნისი. 2020. 21:28

 

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე დენდროლოგიური პარკის შექმნის პროცესში მომხდარი ინციდენტების შესახებ წერს, რაც საზოგადოებამ აქამდე არ იცოდა.

 

მოკლედ, ხეების გადარგვაზე ასეთი ისტორიაა, რაც დაგპირდით. შეიძლება ბევრს სმენია კიდეც. მე და ჩემს ორ მეგობარს რაც მოგვიყვეს, იმას მოგითხრობთ.

 

ძველი „რუსთავი2“-დროა, მგონი 2017 წელი. ამ ხეების გადატანაზე დუღს ხელისუფლებისგან თავისუფალი ტელევიზია.

 

ისეთი სიუჟეტები გადიოდა ოზურგეთის სოფლებიდან ხეების გადატანაზე, ვიფიქრე, მართლა ხომ არ გადათხარეს მშობლიური კუთხე-კუნჭული მეთქი.

 

ოზურგეთში მეგობართან ერთად ვართ ჩასული, ერთი ღამით. იქ მცხოვრებ მეგობარს გულწრფელად ვეკითხები, რა ხდება წვერმაღალაზე და სხვა ადგილებში-მეთქი. თანაც ვკითხე, სად მდებარეობდა ზუსტად, ჩასვლა მინდა-თქო.

 

მომიყვა ორი სიტყვით. მერე, შენი მანქანა დატოვე და მე წაგიყვანთო და წავედით სამნი. სამი ადგილი ვნახე, საიდანაც ხეების გადარგვა-გადაადგილება მიმდინარეობდა. ბევრი ფოტო გადავიღე და იმ დღეებში გამოვაქვეყნე. ახლაც შენახული მაქვს. ისტორია არ მომიყოლია.

 

ხომ გახსოვთ, იმ პერიოდში, ამ ათობით გადაადგილებული ხიდან, ერთი წაექცათ და უხაროდათ?! წაქცევის ვიდეო ვერ გადაიღეს ცრუ სერიალებისთვის და გადაწყვიტეს გადამღები ჯგუფის მივლინება.

 

ამ სამი წერტილიდან ერთ-ერთზე, იქ მომუშავე რამდენიმე ადამიანთან ვსაუბრობთ. გვიყვებიან.

 

მიადგა „რ2“-გადამღები ჯგუფი, ტერიტორიაზე დაგვიშვით, სიუჟეტს ვამზადებთო. ეუბნებიან, არ შეიძლება, სამუშაოები მიდის, არაა უსაფრთხო აქ ყოფნაო. არის ჩოჩქოლი, გაწევ-გამოწევა. დიდი ჭიდილის შემდეგ დაუშვეს ტერიტორიაზე.

 

შევიდნენ ჟურნალისტი და ოპერატორი ტერიტორიაზე, გადასატანი ხისგან მოშორებით, კამერა გაამზადეს, დასხდნენ...

 

სხედან ერთი საათი. ესენი უყურებენ, ელოდებიან, როდის გადაიღებენ და წავლენ. ჟურნალისტები კი სხედან.

 

მერე იქაური პასუხისმგებელი პირები მივიდნენ ჟურნალისტთან და ეუბნებიან, ამდენი ხანი გვეჭიდავეთ დაშვებაზე და ახლა არაფერს იღებთ, მობრძანდით, მოგიყვებით, რას ვაკეთებთ, როგორ და გადაიღეთო.

 

ჟურნალისტი პასუხობს, არა, მაგის გადაღება არ გვინდა, ჩვენ სხვა დავალება გვაქვსო.

 

რა დავალებაო, ჰკითხა იქაურმა.

ხე რომ წაგექცევათ, ის უნდა გადავიღოთო.

 

იქ მომუშავე ხალხი რა განწყობაზე დადგა და რამდენი დღე იგინებოდნენ, უნდა მოგესმინათ. ჩვენც ცხელზე ვიყავით ჩასულები.

 

ესაა სახე იმ ადამიანების, რომლებიც ასეთი ბოროტი დავალებით, ბოროტი სიუჟეტის გადასაღებად აგზავნიან გოგო-ბიჭებს. ისხდნენ იქ, გადათხრილ ტერიტორიაზე, მთელი დღე, მშივრები და ელოდნენ, როდის წაიქცეოდა ასწლოვანი უზარმაზარი ხე.

 

არადა, ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ბუნება, მცენარეები, ფაუნა, ვისაც სკოლაში ბოტანიკის სახელმძღვანელო გადაუფურცლავს მაინც, ვისაც იმის აღქმის უნარი აქვს, რა სულია გინდათ საუკუნოვან გიგანტ ხეში, გინდათ ახალაღმოცენებულ ოხრახუშში, როგორ უნდა გიხაროდეს მისი წაქცევა.

 

სულ მახსენდება დათა თუთაშხია, როგორ აკვირდებოდა სათითაოდ მოჭრილი ხის წაქცევას. საოცრადაა აღწერილი.

 

ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ, კი გაჰკიოდნენ, ხეებს ჭრისო და ბევრმა დაიჯერა კიდეც, მაგრამ მოჭრასთან არ გვქონდა საქმე.

 

ამოდენა ერთი ხის გადატანაც კი, უნიკალური პროცესია. აქ კი 100-200 ხე იქნა გადარგული.

 

წარმოიდგინეთ, ასწლოვანი ხე, თავისი ფესვების სისტემით, უნდა ამორგო, ლაფეტზე გადაიტანო, გადაადგილო და პარკში, ახალ ადგილას, გადმოტვირთო, ჩარგო და გაახარო. ფასდაუდებელი სამეცნიერო გამოცდილებაა.

 

ვისაც ერთი თავი ნიახურიც არ დაურგავს თავის ცხოვრებაში, ის ვერც კი გაიგებს, რა მდგომარეობაში აქვს დაბერებულ ხეს ფესვები.

 

ბევრს არც კი გაუგია, როგორ მუშაობდნენ სპეციალისტები ამ დაზიანებული ხეების, მისი ფესვების მკურნალობაზე. ცალკე თემაა ახალი ნიადაგის მომზადება...

 

ყოველი ცალკე აღებული ხე არის ერთი დიდი ისტორია, რომელზეც არათუ 3-წუთიანი საინფორმაციო სიუჟეტი, ფილმის გაკეთება შეიძლებოდა...

 

აღარაფერს ვამბობ ღობეებზე გამოკრულ განცხადებებზე, - „იყიდება ხე“, მოსახლეობისთვის გადახდილ საფასურზე, აშენებულ თანამედროვე ბაგა-ბაღზე, გაყვანილ გზებზე... პარკში წლების განმავლობაში დასაქმებულ ადამიანებზე და თანმდევ სხვა სამუშაო ადგილებზე, ტურისტულ მიმზიდველობაზე და აქედან დამატებით შემოსავლებზე, ადრე დავწერე.

 

მახსოვს სიუჟეტები, საკუთარი ხეების წასაღებად გზები ბიუჯეტის ფულით გაყავსო. თუ პარკი კერძო სახსრებით სახელმწიფოსთვის კეთდებოდა, გზა რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებულიყო, რა პრობლემაა, მაგრამ აბა, ხალხი რითი გააღიზიანონ?! გვახსოვს სათაურები: „ივანიშვილის ხე გზაში გაიჭედა“, „ხე ვერ მივიდა, ზღვა მიიყვანეს“ და ა.შ.

 

ესენი კი კამერით იყვნენ ჩასაფრებულები, როდის წაექცეოდათ ხე, რომელსაც სპეციალისტები შვილივით ელოლიავებოდნენ.

 

არ წაექცათ ხე, არ შეწყდა ასწლოვანი ისტორია...

 

ის გადამღები ჯგუფი და მათი უფროსები თუ არა, ოდესმე, მათი შვილები მივლენ იმ ხესთან, სენსორი ჩართავს აუდიოგიდს და მოისმენენ იატორიას, რა ხეა, სად, ვის ეზოში დაიბადა და გაიზარდა, რა ხნისაა...

 

გავა წლები. დავიწყებას მიეცემა ეს შიდაპოლიტიკური ზიზღი და შუღლი. არა, ჩვენ შუღლის გარეშე ვერ გავძლებთ. უბრალოდ, ესენი წავლენ, სხვები მოვლენ, სხვა თემებზე გააგრძელებენ ერთმანეთის და ხალხის წამვლას.

 

პარკი კი დარჩება, თავისი შექმნის ისტორიით, ავტორით...

 

მისთვის, ვისაც შესწევს უნარი, დაინახოს საგნების ჭეშმარიტი ბუნება, უბრალო მწვანე ხე მეტი საოცრებაა, ვიდრე ოქროს ან ვერცხლის ხე“ - მარტინ ლუთერი“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner