ოპოზიციისთვის რომ მოგვესმინა, ჩვენ უნდა გაგვეუქმებინა საშემოსავლო გადასახადი, რაც 4 მილიარდ ზარალს მიაყენებდა ჩვენს ისედაც დაზარალებულ ბიუჯეტს , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი განმარტებით, ოპოზიციის შეთავაზების უკან ხშირად არანაირი გათვლა არ არის. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება „ოპოზიციის მოსაწონს ვერაფერს გააკეთებს“ და ეს არც არის მათი მიზანი.
„ამ დღეებში ჩვენ ძალიან ბევრი კეთილი რჩევა მოვისმინეთ ოპოზიციისგან, ზოგი, სხვათაშორის, აზრს მოკლებული არ იყო. მაგალითად, ჩვენ მოვისმინეთ მსჯელობა, რა სჯობია უფრო მეტი იყოს პირდაპირი სოციალური გასაცემელი თუ უფრო მეტად დავეხმაროთ მცირე ბიზნესს. აქ საინტერესო მოსასმენი იყო ეს დისკუსია, თუმცა მე ერთიანი პოზიცია ოპოზიციაში ვერ დავინახე. საბოლოო ჯამში, ჩვენ რაც გავაკეთეთ, ოპტიმალური მიდგომაა, მაქსიმალურად დაბალანსებულია. მილიარდზე მეტი მიდის მოსახლეობის პირდაპირ სუბსიდიაზე და სადღაც, 600 მილიონამდე მიდის ბიზნესისთვის.
ოპოზიციის მოსაწონს ჩვენ, ალბათ, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და ეს არც არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობისთვის გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველაფერი, რაც საჭიროა და ჩვენი ქართული წარმოება ავაღორძინოთ. მათთვის, რომ მოგვესმინა ჩვენ უნდა გაგვეუქმებინა საშემოსავლო გადასახადი, რაც -4 მილიარდ ზარალს მიაყენებდა ჩვენს ისედაც დაზარალებულ ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე, როდესც ისინი ამბობენ, რომ მოდი ამდენი კი არა, მილიარდის გასაცემელი გაეცი ან 2 მილიარდის, არაფერს არ ეყრდნობიან, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ეს არ არის გეგმა, რადგან მათი ნათქვამის უკან ხშირად არ დგას არანაირი გათვლა. სადაც ისეთ რამეს გვთავაზობდნენ, როდესაც ბიუჯეტი საერთოდ ჩამოგვექცეოდა და ელემენტარულად ის ძალისხმევა არ გაწიეს, რომ დაეთვალათ რაღაცები, მერე რაღაც კონკრეტიკას რომ ამბობენ, ეს ყველაფერი ჰაერზე ნათქვამია. ჩვენ თითოეულ ლარს ვითვლით“ , - განაცხადა ნათია თურნავამ.