თუ ინფექციის გავრცელება ამ ტემპით გაგრძელდება, არც არჩევნებს და არც ადამიანების დასვენებას საფრთხე არ შეექმნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში, „რეაქციასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი სტრუქტურა საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი შემადგენელია. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს სწორედ ეს საბჭო, ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, საქართველო, ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და ისევ ხალხს მოვუწოდებ, რომ ეს ზაფხული გამოვიყენოთ, ნუ დავარღვევთ იმ რეკომენდაციებს, რასაც ვიძლევით. ამ შემთხვევაში არ იქნება იმის საშიშროება, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე შეექმნას. საქართველოში რომ იყოს ისეთი მდგომარეობა, როგორიც ახლა ბრაზილიაშია... ვინმე ბრაზილიაში არჩევნებს ჩაატარებს? ღმერთმა არ ქნას, რაც დღეს ბრაზილიაშია, ის იყოს ჩვენთანაც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღევანდელი სიტუაცია რაც გვაქვს, დღეში 4,5,6-ით მატება და მეტი არა, თუ ასე ვიარეთ, არც არჩევნებს და არც ადამიანების დასვენებას საფრთხე არ შეექმნება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.