დღევანდელი სამუშაო თათბირი მოეწყო პრემიერ-მინისტრთან. იცით, რომ გუშინ დაფიქსირდა 6 ახალი შემთხვევა, 1 აქედან გახლავთ კარანტინიდან, ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ლარსის საზღვრიდან შემოვიდა. იცით, რომ ყველა შემოსული ექვემდებარება კარანტინს, გამოვლინდა სიმპტომები კარანტინში და დადგინდა Covid-19. დანარჩენმა 5-მა შემთხვევამ, გარკვეულად, შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ 5-დან ერთის წყარო გარკვეულად, დიდი ალბათობით დადგენილია, ხოლო დანარჩენებზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეც ესწრებოდა.
ამირან გამყრელიძემ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკვე აღებულია საკმაოდ დიდი რაოდენობა უცნობი ინფიცირების შემთხვევების პირველადი კონტაქტებისა, მიმდინარეობს ასევე მეორედი და მესამედი კონტაქტების ძიება, ნიმუშების აღება და ტესტირება.
„იმედი გვაქვს, ამ 4 შემთხვევის პირველად წყაროზეც გავალთ და დაიხურება ეს კლასტერები, უახლოეს მომავალში. ეს 4 გუშინდელი შემთხვევა შემაშფოთებელია იმ თვალსაზრისით, რომ, შემსუბუქების შემდეგ, რა თქმა უნდა, 4,5,6, 10 ან 15 შემთხვევა არ გახლავთ ბევრი და ამას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ადვილად მართავს, არ არის ეს ამ თვალსაზრისით პრობლემა, მაგრამ ეს არაპირდაპირი ნიშანია, რომ ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს. შემსუბუქების ფონზე თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევიან, შესაძლებელია, დავდგეთ გარკვეული რისკების წინაშე, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პირველი: ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ Covid-19 დავამარცხეთ, არა, პანდემია გრძელდება მსოფლიოში და საქართველო ამ სამყაროს ნაწილია, ამიტომ Covid-19 ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ინფექცია ცირკულირებს და სად და როდის იჩენს თავს განსაკუთრებით შემსუბუქების პერიოდში არავინ იცის. შემსუბუქება და ეკონომიკს გახსნა აუცილებელია და ჩვენ კარგად უნდა დავიცვათ ბალანსი შემსუბუქების პოლიტიკასა და მზადყოფნას შორის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იდენტიფიცირება შესაძლო შემთხვევების. გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ თქვენს ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი, თქვენი ოჯახის წევრები, ნაცნობები, ვისაც კი ექნება მომატებული ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაგრძელება და რესპირაციული სიმპტომები,“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ტესტირებები.
„ბატონ პრემიერთან იყო შეხვედრა ტესტირებებთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ უკვე გავაფართოვეთ საკმაოდ ეს წრე, უკვე 18 ლაბორატორია აკეთებს საქართველოში PCR ტესტებს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო. ივლისში ეს რიცხვი ავა 24 ლაბორატორიამდე, შემდეგ მზადდება ცვლილება რეგულაციებში, რომ ყველა დიდ კლინიკას, 100-ზე მეტ საწოლზე, ვალდებულება ექნება, რომ ჰქონდეს PCR ტექნოლოგიის საშუალება ან 24-საათში ჩაუტარონ პაციენტს ტესტი, შესაბამისი ხელშეკრულებით და ეს უფრო და უფრო გაფართოვდება. პრემიერს მოვახსენეთ ჩვენ, თუ დღეს რა შესაძლებლობები გვაქვს. იცით, რომ ტესტირებების საშუალო მაჩვენებელი, სადღაც 1500-ზე გვაქვს დღიურად აყვანილი, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობები, რომ 4500-ზე ავიყვანოთ ეს მაჩვენებლები და შემდგომ მიმდინარეობს პროგრამაზე მუშაობა დამატებითი ინვესტირების, რომ შემოდგომაზე, ასე სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენ უკვე ავიდეთ დღეში 6000,7000,8000 ტესტირებაზე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.