„მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში. ჩემი რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი, როგორიც კანონის მიხედვით განსაზღვრული და გაწერილია“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა თუ რამდენად უკომპრომისო იქნება მინისტრი თავდაცვის ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ანტისახელმწიფოებრივი მცდელობების მიმართ.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დღევანდელი კანონმდებლობა კრძალავს სამხედროების მონაწილეობას ნებისმიერ პოლიტიკურ პორცესებში.
„მე გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი სამხედროების 99% აპოლიტიკურია. თუ 1% ან 0.1% არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, მათ კანონის ფარგლებში სათანადო ადგილს მივუჩენთ, ზედმეტი ჩარევა არ დაგვჭირდება. როცა დავინიშნე თანამდებობაზე, მე ვთქვი, რომ ჯარში მე არ შემომაქვს არავითარი პოლიტიკური ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი პრემიერ-მინისტრი და ახლაც პარტიის პოლიტიკური მდივანი ვარ. ვერცერთ პრეცედენტს ვერ დამისახელებთ ვერცერთი ჩვენი ვითომ ოპონენტი და დესტრუქციული ძალა, რეალურად ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ცდილობენ ყველას და ყველაფრის წაბილწვასა და პოლიტიზებას. ჩვენ ვიქნებით ძალიან ყურადღებით და დავაკვირდებით ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.