თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და ქვეყნის საგარეო საფრთხეებსა და უწყებაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ოკუპაცია და თავისთავად ცხადია, რომ ბევრი რამე არ არის დამოკიდებული თუ როგორ იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ომს არ იგებს ჯარი, ომს იგებს სახელმწიფო, ქვეყანა იგებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ერთობა. მე ყოველთვის ვამბობ და ბოლომდე დავრჩები იმ პრინციპის ერთგული რომ, როდესაც საქმე შეეხება საერთო-ეროვნულ ინტერესს, თავდაცვა და უსაფრთხოება არის საერთო-ეროვნული ინტერესი აქ ყველას მოეთხოვება კონსოლიდირება საერთო ინტერესებისთვის, რასაც სამწუხაროდ ვერ ხედავ დარბაზის მარჯვენა ფლანგზე, რომელთაც გგონიათ, რომ ხელისუფლება არის მხოლოდ უმრავლესობა. არა ბატონებო, ხელისუფლება არის ოპოზიციაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უნდა თან სდევდეს სწორი პოლიტიკური კულტურა. მეორე მთავარი მიზანი ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და აქ თავდაცვის სამინისტრო არის ფლაგმანი, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები არიან ფლაგმანები, რომლებიც დღეს მაგალითად ავღანეთში და აფრიკაში არიან და მათ განსაკუთრებული მადლობა. მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც საქმე თავდაცვასა და უსაფრთხოებას შეეხება და თავად ვამბობ, რომ აქ კონსოლიდაცია გვჭირდება ხოლმე, სულ ვამბობ, რომ ჩემი გამოსვლა არ იყოს პოლიტიზირებული, მაგრამ მიწევს, რამდენადაც ჩვენი ოპონენტები, ნაციონალური მოძრაობის „კლასტერს“ ვგულისხმობ, მუდმივად ცდილობს დარტყმა მიაყენოს ჩვენს ღირებულებებს. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მაზოხიზმი არის, როდესაც ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტს ეჭვქვეშ აყენებ. იმიტომ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი და ის ხელისუფლება, რომელიც ამ გზაზე სწორად და შემართებით არ იქნება, ის ვერასდროს ვერ მიიღებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. და როდესაც ვიღაცა ამ მიმართულებით კითხვას სვამს, ეს ნიშნავს, რომ ის ამ ოჯახის წინააღმდეგია. ნატო და ევროკავშირი არის ჩვენი ოჯახი და მეორე მხარეს გვყავს ოკუპანტი, რომელიც არის მკვლელი და როდესაც ამ მარტივ რეალობასთან მიმართებაში კითხვას სვამ, ეს აცდენილია ყველანაირ გონიერებას, ამიტომ ვთვლი, რომ ასეთი კითხვა და ასეთი ეჭვების გამოთქმა, პოლიტიკური მაზოხიზმია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.