„ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშში ერთი კონკრეტული ფრაზა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების ნამუშევარი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია 120-გვერდიანი დოკუმენტის კონტექსტისგან. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებულია, რასაც დღენიადაგ გამოხატავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ “რუსთავი2“-ის ეთერში.
მან თვალსაჩინოებისთვის 10 განცხადება წარმოადგინა ტელეეთერში, რომლებშიც საერთაშორისო პარტნიორების მიერ პოზიტიურად ფასდება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები.
„ეს განცხადებები ეკუთვნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკას და რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ ხარისხში და მაღალ ნიშნულზე, როგორც დღესაა. ასეთი ასი და ათასი წინადადება დაიწერება და თუკი ერთი წინადადება ჩაიწერება კრიტიკული, იმ ათასს აღარავინ უყურებს ხოლმე“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, 13 კონგრესმენის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს ასობით წარმომადგენელი არის სხვა პოზიციაზე.
„ბატონი რიში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარია, 2012 წლის მიწურულს ამბობდა, პოლიტიკური დევნა შეწყდესო, EPP-ის ხელმძღვანელი მარტენსი 2012 წელს, ვიდრე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არიგებდა მაცივრებს და ტელევიზორებს. არანაირი მაცივარი და ტელევიზორი არ დარიგებულა. ასევე ამბობდნენ, რომ ტვ „იმედი“ წაართვეს კანონიერ მფლობელს. ნუ ეწყინება ნურავის, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, როცა ვამბობთ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს, რადგან მთავარია სიმართლე და თუ სიმართლიდან აცდენილ რაიმეს ვინმე იტყვის, ეს შეცდომაში შეყვანაა“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროდასავლურად საუბრობენ, მაგრამ ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ.