„ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე კიდევ უფრო მეტი შეიძლება ვისაუბროთ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო სისტემაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე. მთლიანობაში, რასაც საზოგადოება ხედავს არის ის, რომ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ ჩავატაროთ სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო ცხოვრების ათწლეულების მანძილზე, მუდამ იყო დისკუსიის და შეუთანხმებლობის საგანი და პრინციპში, პირველი შემთხვევაა, რომ მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა შეძლო კონსესუსის მიღწევა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.
„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილება ბოლომდე მივიყვანოთ და განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იმ დანაპირებს, რაც საზოგადოების წინაშე დადო, აუცილებლად შეასრულებს, თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში საპარლამენტო პოლიტიკური სპექტრიდან არ მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მე იმედი მაქვს, რომ ისინი კენჭისყრის დროს მაინც მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ „ ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა - კონსტიტუციის ძირითადი ტექსტის მიხედვით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
„ამჯერად, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ე.წ. გარდამავალ ეტაპზე, ერთჯერადად ჩასატარებელ არჩევნებზე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ასევე შევძელით კონსესუსის მიღწევა - ე.წ. 120/30 სისტემაზე შეჯერების თვალსაზრისით. ეს სისტემა არ არის სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რადგან ამ სისტემის მიხედვით საქართველოს პარლამენტის მანდატების 80% იქნება სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გადანაწილებული და მანდატების მხოლოდ 20% იქნება მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გადანაწილებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, შერეულ მოდელზე შეთანხმებით, უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა.
„არ შეიძლება საარჩევნო სისტემის მიზანი მხოლოდ პარტიული პლურალიზმი იყოს. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანია, რასაც უნდა პასუხობდეს საარჩევნო სისტემა, თუმცა, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სტაბილური, რასაც საარჩევნო სისტემა, ასევე, უნდა იძლეოდეს. ვფიქრობ, რომ ამ შერეულ მოდელზე შეთანხმებით, სწორედ ეს სტაბილურობაც იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მანდატების 80% პროპორციული საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, თანაც ერთ პროცენტიანი ბარიერი საფუძველზე, ეს შესაძლებლობას მისცემს შედარებით დაბალი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში.
„უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, ჩვენ ოპოზიციის სასარგებლოდ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ბლოკებად გაერთიანება იმისათვის, რომ პოლიტიკური ჯგუფებს მიეცეთ შესაძლებლობა ერთად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.