„საქართველოში ეს იყო უკიდურესად მოულოდნელი დარტყმა, გამოწვევა, თითოეული ჩვენგანისთვის. ამ კრიზისის ყველაზე სამწუხარო ნიშანი გახლავთ პროგნოზის შეუძლებლობა“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეუძლებელია, სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობილი პროგნოზი გქონდეს იმის, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია ხვალ და ზეგ, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური.
„სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მდგენელი ამ კრიზისის, რომელიც ჩვენ, ყველას, გვაიძულებს, ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი, ვიყოთ უკიდურესად სოლიდარულები და ერთად ვებრძოლოთ გლობალურად ამ გამოწვევას. ჩვენ ამაში დავინახეთ ჩვენი ფუნქცია და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო ისეთი ნაბიჯების მიღება, როგორიც იყო, მაგალითად, ჩინეთთან, იტალიასთან ფრენების შეჩერება, შემდგომ, იმ შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ უკვე ბევრი წელია, თავისუფალ ეკონომიკაში მუშაობენ და ამ ყველაფერ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებდით ძალიან გაზომილად. ვცდილობდით, რომ თითოეული ნაბიჯი გაგვეზომა. ამით, ჩვენ ვუყურებდით გამოცდილებას, რა ხდებოდა იტალიაში, რა ხდებოდა ევროპაში, ჩვენი მეგობრების ქვეყნებში და ბევრ რაღაცას აქედან ვსწავლობდით. ამაზე ჩვენ, ბევრ თქვენგანთან, საუბარიც გვქონია, ხშირად. დღეს როგორც ჩანს, სწორად შევაფასეთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და პირველი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ალბათ მივიღეთ იყო ის, რომ მსხვილ ბლოკებად ქვეყანაში დაგვეგდო მობილურობის ხარისხი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემაზე, პაციენტების სახით, დიდი დაწოლა არ ყოფილიყო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს იყო მთავრობის ნაბიჯების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
„ისეთი, როგორიც იყო სკოლების გაჩერება, სასწავლო პროცესის გაჩერება უმაღლეს სასწავლებლებში, ტრანსპორტის გაჩერება და ა.შ. ჩვენ, უბრალოდ, მოვახერხეთ ის, რომ ქვეყანაში მობილურობა დავაგდეთ, რამაც შეაჩერა ვირუსის გადაცემის სისწრაფე და გეოგრაფია. ამით მივეცით შესაძლებლობა ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, რომ მომზადებულიყო, როგორც მკურნალობისთვის, ასევე ინფიცირების გამოვლენისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენ, ეტაპობრივად, მოგეხსენებათ, რომ გავხსენით ეკონომიკა. ჩვენი აქ შეკრების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი და მოგვცა შესაძლებლობა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი არის გახსნილი. მაგრამ დღეს, ჩვენ, ჩვენს ამოცანას, რაშიც თქვენი დახმარებაც დაგჭირდება, ვხედავთ იმაში, რომ საქართველომ უნდა შექმნას მაღალი ხარისხის ტესტირების მთელი ქსელი და სისტემა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის, რომ არ გაგვეპაროს არაფერი მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები და გადაადგილების თავისუფლება არ არის შეზღუდული. ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, შემდგომ სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ, რომ ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. დღეს საქართველო ჯერ კიდევ არ არის მდიდარი ქვეყანა. საქართველოს ეკონომიკურად საკმაოდ უჭირს. საქართველოს ბევრ მოქალაქეს უჭირს. მათთვის ყოველდღიური შემოსავლის არ ქონა, გაქრობა, შეზღუდვა, სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.