აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაუშვა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, განზრახ არ გაატარა უფრო აქტიური ზომები კორონავირუსის სხვა ქვეყნებში გავრცელების აღსაკვეთად. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გაზეთ The Wall Street Journal-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„არსებობს იმის შანსი, რომ ეს განზრახ მოხდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამგვარად პეკინს შეეძლო სხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვის ზიანი მიეყენებინა. მან ასევე გაიხსენა, რომ პანდემიის დაწყებამდე აშშ-ში ეკონომიკური სიტუაცია ძალიან ხელსაყრელი იყო.
ამასთანავე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო სამსახურებს არ მიუღიათ რაიმე მონაცემები, რომელიც ამ ვერსიას დაადასტურებდა.
„არ მგონია ეს გაეკეთებინათ, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი. ფაქტია, რომ ვირუსმა დიდი ზარალი გამოიწვია“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.