უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლის.
როგორც საქართველოს პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, გავრცელებული აუდიოჩანაწერით გამოძიება დაინტერესდება.
უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.