„გუშინ საქართველოს პარლამენტში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო. აღნიშნულით მათ დაადასტურეს, რომ ოპოზიციის მიზანი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება არ არის, პირიქით, მათ სურვილს რეგრესი და არასტაბილური სიტუცია წარმოადგენს”- ასე ეხმიანება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ოპოზიცია სწორედ საკუთარი წარსულის შედეგს იმკის:
„ყველამ ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის” და „ევროპული საქართველოს” როლი მინიმალურია, ისევე როგორც ზოგადად ოპოზიციის, რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკის ტრაგედიაა ის, რომ ქვეყანას არ ჰყავს ღირსეული ოპოზიცია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს „რასაც დასთეს იმას მოიმკი“. ოპოზიცია სწორედ საკუთარი წარსულის შედეგს იმკის. გუშინ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებში არმონაწილეობით ფაქტობრივად თვითმკვლელობა ჩაიდინა და თვითონვე აღიარა, რომ სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ. შესაძლოა, სურვილი აქვთ რამე კარგი გააკეთონ, მაგრამ კარგის კეთება მათი „ხელობა“ არ არის, არ გამოსდით. რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ახალ საარჩევნო მოდელს შეეხება, რა თქმა უნდა, უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, მეორე საკითხია აღნიშნული ინიციატივა მიიღებს თუ არა კანონის სახეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელმაც ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგა (ჯერ კიდევ 2018 წელს გაცხადდა, რომ 2024 წლის არჩევნები სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა). უნდა ითქვას, რომ მთავრობამ გარკვეულწილად გაარღვია ჩაკეტილი წრე, რომელზეც საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ იმყოფება და შექმნა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ქვეყნის და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის გაძლიერებას ემსახურება, კულტურის რომელიც ოპოზიციას არ გააჩნია,”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.