logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალიამ სამხრეთ ევროკავშირის წარმომადგენელთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
- +

1 ივლისი. 2020. 21:27

 

 

2020 წლის 1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან.

 

მხარეებმა კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

 

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურებაზე, თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც რიგ შემთხვევებში პაციენტთა გარდაცვალებით მთავრდება. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურებაზე და დეზინფორმაციულ თავდასხმებზე საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას და მძიმე ტვირთად აწვება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას.

 

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური გამოყენების აუცილებლობაზე, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის ოკუპაციისა და უკანონო ქმედებების შედეგად უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მწვავე პრობლემების გადაჭრა. აღინიშნა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის საჭიროება.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

 

ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების საკითხებში შეტანილი წვლილისათვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის გაღრმავების მნიშვნელობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner