„ჩვენ მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ საქართველოს - შეხვდნენ ჩვენს ბიზნეს ლიდერებს, იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინა ხაზზე და პირველ რიგში, შეხვდნენ აშშ-ის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამხედრო ძალებს წვრთნიან. თქვენ ვერ დაინახავთ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს. სამწუხაროა, რომ კომერციული დავა გარკვეულწილად დაკავშირებულია შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლასთან, განსაკუთრებით კი აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან. საქართველო ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე იყო სულ, რაც არ შეიცვლება“, - გამოცემა THE HILL საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას სტატიას აქვეყნებს.
ბერაიას თქმით, საქართველო ყველა ეკონომიკური ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა მისი დაბალი გადასახადების, იურიდიული გამჭვირვალეობისა და კორუფციის არარსებობის გათვალისწინებით და ფაქტები საქართველოს ღია და ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის შესახებ კონგრესმენის არგუმენტებს ეწინააღმდეგება.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, საქართველო მტკიცედ ორიენტირებულია დასავლეთისკენ, რაზეც მეტყველებს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლითაც ქვეყანას დასავლური ინტეგრაციის ორიენტირი შეუნარჩუნა, წარმატებით მიიღო ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება DCFTA - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ასევე, 2016 წელს აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს და 2017 წელს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას მოეწერა ხელი, რაც ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას უმაღლეს დონეზე აყენებს და NATO-ში გაწევრიანების მცდელობას მხარს უჭერს ამერიკის მთავრობაც.