დიდ ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
2020 წლის მეორე კვარტალში სამსახური 220 000 ადამიანმა დაკარგა. ბოლოს დასაქმებულთა რიცხვის ასეთი შემცირება 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა. სტატისტიკური მონაცემებით, ამ მხრივ ყველაზე მეტად პანდემიის დროს დაზარალდნენ 24 წლამდე პირები და ის დასაქმებულები, რომლებიც საპენსიო ასაკს უახლოვდებიან.
საერთო ჯამში, კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა, თუმცა უმუშევრობა მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა, ვინაიდან კომპანიების დიდმა ნაწილმა თანამშრომლები სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა.
თუმცა ეკონომისტები შიშობენ, რომ ოქტომბერში, როდესაც ამ სქემის მოქმედება დასრულდება, უმუშევრობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება.