„სამწუხაროდ, კვლევები და რეალობა ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება ხოლმე, ესეც არ იქნება ალბათ გამონაკლისი."- ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას" ხმას ამომრჩეველთა 33% მისცემდა, ხოლო ოპოზიციას - საერთო ჯამში 37%.
აღნიშნული კვლევა 2020 წლის 4 ივნისი-2 ივლისის პერიოდში, საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენს შორის ჩატარდა.
კობა კობალაძის თქმით, ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი ისევ მაღალია, თუმცა რეალური შედეგები 31 ოქტომბერს გამოჩნდება.
„სამწუხაროდ, კვლევები და რეალობა ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება ხოლმე, ესეც არ იქნება ალბათ გამონაკლისი. ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ჩატარებულმა არჩევნებმა ამაში დაგვარწმუნა და მაგალითი დაგვიდო. ვნახოთ, დანარჩენი რეალურად ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება.
„ანალოგიური კვლევები გარკვეულწილად დამოუკიდებელ ორგანიზაციებსაც აქვთ ჩატარებული და საკმაოდ განსხვავებული ციფრებია.
„გარკვეულწილად ადამიანებს თავიანთი პოზიცია აქვთ ხოლმე და კონკრეტულ ორგანიზაციასაც თავისი პოზიცია აქვს, თუმცა ბევრჯერ, სამწუხაროდ, ეს კვლევევბი იმ რეალობას არ ასახავდა, რომელიც ამ ქვეყანაში იყო", - აცხადებს კობალაძე.
კითხვაზე, „ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა თუ არა პარტიული კვლევა, კობალაძემ გვიპასუხა, რომ ჩაატარა, სადაც მმართველ პარტიას „საკმაოდ შთამბეჭდავი უპირატესობა აქვს".
„ჩვენი მონაცემებითა და ჩატარებული კვლევებით, რაც რეალურად თვალსაჩინოა, საკმაოდ დიდი განსხვავებაა ამ კვლევებთან შედარებით. „ოცნებას" საკმაოდ შთამბეჭდავი უპირატესობა აქვს."- განაცხადა კობალაძემ.
მისივე შეფასებით, მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში „ქართული ოცნება" 50%-იან ბარიერს სცდება, რაც, კობალაძის თქმით, „რეალურად კიდევ ერთხელ იმის დამადასტურებელია, რომ მმართველ გუნდს და კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმას სამოქალაქო სეგმენტში გაცილებით უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე დანარჩენს".