17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება.
ამასთან, საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ. შესაბამისი შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმების შესაბამისად, თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან აქვს სასესხო ვალდებულება, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად აღნიშნულ სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge , რომელზეც რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.